Thumbnail
  • ტორონტო რეპტორსი 120:102 მილუოკი ბაქსი
  • აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ანგარიში გათანაბრდა - 2-2
  • კანადელებს კაილ ლოურიმ, სერჟ იბაკამ და კავაი ლეონარდმა ულიდერეს
  • იანის ანტეტოკუნმპო კი საჯარიმოდან ბურთს ფარამდეც ვეღარ ისვრის

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა - ტორონტო რეპტორსმა საკუთარ მოედანზე მილუოკის დამაჯერებლად, 18 ქულის სხვაობით მოუგო. კანადელებმა სტუმრად წაგებული ორი მატჩის შემდეგ, საკუთარ მოედანზე შეძლეს რევანშის აღება და ჩამორჩენის გაბათილება.

სერიის მეოთხე დაპირისპირებაში სტუმრებმა უპირატესობა მხოლოდ სტარტზე მოიპოვეს, რაც პირველი მეოთხედის მიწურულისკენ დათმეს და ამის შემდეგ ბოლომდე მდევრის როლში დარჩნენ. ტორონტოს სასარგებლოდ სხვაობამ ბოლო მეოთხეში 25 ქულასაც მიაღწია. 

📺 ვიდეო: ტორონტო 120:102 მილუოკი (მიმოხილვა)

მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი მასპინძელთა გამთამაშებელი კაილ ლოური გახდა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო და 6 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. გამარჯვებულთა რიგებში ორმაგი დუბლი შეასრულა სერჟ იბაკამ (17 ქულა, 13 მოხსნა). კიდევ 19 ქულით დაეხმარა გუნდს კავაი ლეონარდი, მარკ გასოლი კი - 17-ით.

მესამე მეოთხედში კავაი ლეონარდმა მარკ გასოლის ბრწყინვალე პასის შემდეგ ჩატენა, რაშიც ხელი ფოლით იანის ანტეტოკუნმპომაც კი ვერ შეუშალა.

📺 კავაი ლეონარდი V იანის ანტეტოკუნმპო

პრობლემები შეექმნა კავაი ლეონარდს, თუმცა თამაშის შემდეგ ტორონტოს თავკაცმა ნიკ ნერსმა გულშემატკივრები დაამშვიდა:

"ვინერვიულეთ, მაგრამ ვფიქრობ, კავაი წესრიგშია. მან მოედანზე საკმაო დრო დაჰყო და რა თქმა უნდა, დაიღალა, როგორც სხვები. ვფიქრობ, ორივე გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებიც 100%-ით მზად არ არიან. მინდოდა მისთვის დამატებითი დასვენება მიმეცა, მაგრამ თავად არ მოისურვა. გამოდის, რომ ის კარგადაა".

სერჟ იბაკამ 9-იდან 7 ორქულიანი ჩააგდო და სიხარულს ასე გამოხატავს

ტორონტოს გამთამაშებლისთვის ფრედ ვანვლიტისთვის კი მილუოკისთან მეოთხე დაპირისპირება ორმაგად ემოციური გამოვიდა. თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კალათბურთელი მეორე შვილის მამა გახდა. ფრედი თავის გუნდს 13 ქულა და 6 პასით დაეხმარა. 

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი მილუიკის ფორვარდი კრის მიდლტონი გახდა, რომელმაც 7-იდან 4 სამქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი 30 ქულა მიითვალა. ბაქსის ლიდერის, იანის ანტეტოკუნმპოს ანგარიშზე 25 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი პასია. ბერძენი ერთ ეპიზოდში შერცხვა - საჯარიმოდან მისმა ნასროლმა ბურთმა ფარამდეც ვერ მიაღწია. საინტერესოა, რომ ასეთი რამ იანისს სერიაში უკვე მეორედ ემართება. 

📺 იანისის ცუდი ტყორცნა 

📺 Inside The NBA-ის ტელეწამყვანებმა შაკილ ო’ნილმა, ერნი ჯონსონმა, კენი სმიტმა და ჩარლს ბარკლიმ ტორონტოს გულშემატკივრებთან ერტად კანადის ჰიმნი შეასრულეს.

ტორონტოსა და მილუოკის სერიაში ანგარიში 2-2 გახდა. სერიის მეხუთე დაპირისპირება 24 მაისს, მოლუოკის არენა "ფაისერვ-ფორუმზე" ჩატარდება. NBA-ს ფინალში უკვე გავიდა დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გოლდენ სტეიტ უორიორსი.  

კომენტარები

ბოლო ამბები