Thumbnail

ნაცუ ბაშო | ოძეკის ტიტულის დაბრუნება დროებით გადაიდო - ტოჩინოშინმა აბისთან დათმო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნაცუ ბაშოზე მე-11 დღის ბრძოლები გაიმართა
  • ტოჩინოშინი აბისთან ჰატაკიკომით დამარცხდა

ტოკიოს დარბაზ "კოკუგიკანში' ზაფხულის ბაშოზე მე-11 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. დასავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-4 მაეგაშირა აბის დაუპირისპირდა და ჰატაკიკომით დამარცხდა. სასტარტო დაჯახების შემდეგ იაპონელმა ქართველს წონასწორობა დააკარგვინა და დოჰიოდან დარბაზში "მოისროლა". 

ტოჩინოშინს 9-2 ბალანსი გაუხდა. მიზნამდე კვლავ ერთი მოგება რჩება. შეგახსენებთ, რომ 10 გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი სუმოისტი წინა ბაშოზე დაკარგულ ოძეკის ტიტულს დაიბრუნებს. 

მე-12 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ნაცუ ბაშოზე იქნება მე-7 მაეგაშირა მეისეი, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია. 

სენსაციების დღე

ნაცუ ბაშოს მე-11 დღეს ყველა მთავარმა ფავორიტმა წააგო - ტოჩინოშინის მარცხზე უკვე ვთქვით, დამარცხდა ასევე დიდი ჩემპიონი კაკურიუ, რომელსაც მიოგირიუმ ოშიდაშის ილეთით აჯობა. ასე რომ, ბაშოზე რიგითი მაეგაშირა ასანოიამა გალიდერდა. 

წააგო ორივე ოძეკიმ - ტაკაიასუს ტოჩინოშინის გუნდელმა, ბულგარელმა აოიამამ მოუგო, ხოლო რიუდენმა ოძეკი გოეიედო დააგდო. დამარცხდა კომუსუბი მიტაკეუმიც. 

შეგახსენებთ, რომ ჯურიოს დივიზიონის მე-7 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-11 ნომერ კირიბაიამას შეხვდა და უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა. ქართველს 7-4 ბალანსი აქვს და ახლა ჯურიოს პირველ ნომერ ტოიონოშიმას დაუპირისპირდება. 

დღეს ყველა მთავარმა ფავორიტმა წააგო

ნაცუ ბაშო. ლიდერები

10-1: ასანოიამა (მაეგაშირა 8)

9-2: კაკურიუ (იოკოძუნა), ტოჩინოშინი (სეკივაკე)

8-3: კოტოეკო (მაეგაშირა 15)

7-4: 9 სუმოისტი. მათ შორის - ტაკაიასუ (ოძეკი), გოეიდო (ოძეკი) 

კომენტარები

ბოლო ამბები