Thumbnail

'ყველამ ილოცოს, რომ მათი გვარები სიაში არ მოხვდეს' - ლევან კობიაშვილი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა
  • ლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ სკანდალს გამოეხმაურა
  • ასევე შეეხო ქუთაისის ტორპედოში არსებულ ფინანსურ კრიზისს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და ქართულ საკლუბო ფეხბურთში განვითარებულ სკანდალურ მოვლენებზე ისაუბრა. ასეთი აღშფოთებული კობიაშვილი პრესკონფერენციაზე ალბათ არავის უნახავს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ვიტ ჯორჯიას, გურიას და ჭიათურის ფეხბურთელები დააკავა…

ლევან კობიაშვილი (სფფ-ს პრეზიდენტი)

“არასდროს შევეგუებით იმას, რის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. ამ ადამიანებმა გაბედეს და შელახეს ქართული ფეხბურთის იმიჯი. ჩემთვის გამოძიება დაწყებულიცაა და დასრულებულიც. ფეხბურთის ფედერაციას თავისი შიდა განაწესი აქვს და სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს ამ საკითხზე. უმკაცრესად დაისჯებიან ფეხბურთელები და შესაძლოა კლუბებიც. 

რატომ კლუბები? - ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ვიტ ჯორჯიას წარმომადგენლებთან საეჭვო ეპიზოდებთან და მატჩთან დაკავშირებით. ლაპარაკია ვიტ ჯორჯია-რუსთავის (2:3) შეხვედრაზე. იყო ლაპარაკი კონკრეტულ ფეხბურთელზეც, მაგრამ ამას არ მოჰყლია რეაგირება. ჩვენ ყველა თამაშზე დავდივართ, მაგრამ კლუბებისგან გვჭირდება მხარდაჭერა.

ჩემთვის ამ ადამიანების ფეხბურთი დასრულებულია და რისი საშუალებაც მექნება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ თამაში აეკრძალოთ. არავინ გაბედოს მათი გამართლება სახელფასო დავალიანებით. ჯერ ერთი, მხოლოდ 2 კვირის ხელფასი ჰქონდათ ასაღები და მეორე, სულ რომ დიდი დავალიანება ყოფილიყო, მათ საქციელს გამართლება არ აქვს.

მინდა ვისაუბრო ქუთაისის ტორპედოში შექმნილ ვითარებაზეც. 2018 წელს ქუთაისური კლუბის ბიუჯეტი 10-11 მილიონი ლარი იყო და აქედან მხოლოდ 1.5 მილიონი იყო ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან. ჰქონდათ შემოსავალი და გაზარდეს სახელფასო ფონდი, რაც ღმერთმა შეარგოთ. თუმცა, შეექმნათ პრობლემები ინვესტორთან დაკავშირებით და ასეთ დროს, ხელი არ უნდა გავიშვიროთ ფედერაციისკენ. ჩემთვის გაუგებარია ის უაზრო კომენტარები, რაც ტორპედოს წარმომადგენლებმა გააკეთეს. რას ნიშნავს არ ვითამაშებ და გუნდი დაიშლება? - გაცილებით ძლიერ ლიგებში ყოფილა 6-თვიანი დავალიანებები და ასეთი რამ არ მომხდარა. პატივი ვცეთ გუნდს, გულშემატკივრებს და მოვეშვათ ამ უაზრო კომენტარების კეთებას.

და ბოლოს, გრძელდება საქმის კვლება გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით და ყველამ ილოცოს, რომ მათი გვარები საეჭვო მატჩების სიაში არ აღმოჩნდეს".  

📋 მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები