- ნიკი ლაუდა ორშაბათს, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა
- ლეგენდარული მრბოლელი 70 წლის იყო
- სამი კვირის წინ მას გადანერგილმა თირკმელებმა უმტყუნა
სპორტის სამყარომ ძალიან დიდი პიროვნება დაკარგა!
ფორმულა 1-ის ლეგენდა ნიკი ლაუდა გარდაიცვალა. ოჯახმა ეს ინფორმაცია სამშაბათს გამთენიისას დაადასტურა.

“უაღრესად დამწუხრებულები გაცნობებთ, რომ ჩვენი ნიკი ორშაბათს, 20 მაისს, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. მისი განუმეორებელი სპორტული მიღწევები დაუვიწყარია. მისი პირდაპირობა, დაუღლელობა და მამაცობა ჩვენთვის სამაგალითოა. ოჯახისთვის ის ძალიან საყვარელი, მზრუნველი ქმარი, მამა და ბაბუა იყო. ნიკი ძალიან დაგვაკლდება,” - ვკითხულობთ ლაუდას ოჯახის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც პორტალმა ‘die presse-მ’ გამოაქვეყნა.

ფორმულა 1-ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1975, 1977, 1984) კარიერის პიკში, ნიურბურგრინგზე დაუჯერებელ ავარიას გადაურჩა (1976). ნიკი ავიაკომპანიას ფლობდა, ბიზნესმენი იყო, ასევე სატელევიზიო ექსპერტი და 2012 წლიდან მერსედესის გუნდის შეფი გახლდათ. ნიკი ლაუდას სახელი ბრძოლასთან ასოცირდება - ის არასდროს ნებდებოდა. ნიკი ლაუდა მსოფლიო ბრენდია!

1976 წლის უმძიმესი ავარიის შემდეგ ლაუდას მუდმივად ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ავარიის დროს ლაუდამ არა მარტო სახე, არამედ ფილტვებიც დაიზიანა.
📺 ნიკი ლაუდას ავარია (1976, ნიურბურგრინგი)
მიუხედავად უმძიმესი ტრავმებისა და დამწვრობებისა, ავარიიდან 42 დღის შემდეგ ტრეკზე დაბრუნდა და ტიტულის შენარჩუნების შანსიც ჰქონდა. წლების შემდეგ, ნიკი ლაუდას ორჯერ გაუკეთეს თირკმელების ტრანსპლანტაცია.

შარშან, აგვისტოს დასაწყისში ნიკის ფილტვის ტრანსპლანტაციაც გაუკეთეს, რის შემდეგაც რეაბილიტაციას ლუცერნის კლინიკაში გადიოდა. დაახლოებით სამი კვირის წინ მის ორივე თირკმელს პრობლემები შეექმნა, რის გამოც დიალეზისთვის შვეიცარიის კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ ყველასათვის მოულოდნელი იყო.

ნიკოლაუს ანდრეას ლაუდა დიდი მებრძოლი იყო და სწორედ ამის შედეგია ის, რომ 70 წლის ასაკამდე იცოცხლა. ნიკის პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი, ბირგიტ ლაუდასთან კი - 10 წლის ტყუპები ჰყავს.

კომენტარები