Thumbnail
  • სუს-მა მატჩების ჩაწყობის ფაქტზე, 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გარიგების ამსახველი ვიდეო გაავრცელა
  • დაკავებულებს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და ეროვნულ ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე, 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავა.

დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ.,  საფეხბურთო კლუბ ჭიათურას ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელები: რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას  ფეხბურთელები: ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. "ჰანდიკაპით" - ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ, ლიგა 2-ში მოასპარეზე ლანჩხუთის გურიას მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მერანთან გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ანალოგიურად, 2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ვიტ ჯორჯიას მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ბათუმის დინამოსთან შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

მეტი ამ თემაზე: 'ეჭვები იყო და მწვრთნელიც უმიზეზოდ არ წავიდოდა' - რა ხდება ვიტ ჯორჯიაში

ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიებას პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

📺 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მატჩის ჩაწყობისა და ეჭვმიტანილთა დაკავების კადრები გაავრცელა.

კომენტარები

ბოლო ამბები