Thumbnail
  • ჯერმეინ დეფოს ისტორია
  • ფორესტ გრინ როვერსი და პიონერი ლივერპულიდან

სწორი კვება ფეხბურთელის ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ ცხიმისა და ნახეშირწყლების კონტროლი, პერიოდულობის დაცვა და შუალედების გათვალისწინება - რთული საქმეა.

მოთამაშეთა ძირითადი რაციონი მაკარონის, ქათმის ფილესა და თევზისგან შედგება. ხშირად ჭამენ გატარებულ საქონლის ხორცს და პროტეინის შემცველ სხვადასხვა საკვებ საშუალებებს.

თუმცა არსებობენ ვეგანი ფეხბურთელებიც, რომლებიც ხორცს და ცხოველურ ნაწარმს არ მიირთმევენ, შესაბამისად პირდაპირი სახით პროტეინის მიღება უჭირთ, მაგრამ ეს მათ სპორტულ კარიერაზე უარყოფითად საერთოდ არ მოქმედებს, მეტიც, აუმჯობესებს კიდეც.

დეფოს ისტორია

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი - ჯერმეინ დეფოა. დეფოს კარიერა სტანდარტულად წარიმართა, პრემიერლიგაში გატარებული 19 სეზონის შემდეგ ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი სათამაშოდ MLS-ში წავიდა...

თუმცა ყველასთვის მოულოდნელად ისევ პრემიერლიგაში დაბრუნდა და სანდერლენდის რიგებში 3 სეზონში, ვეტარანმა - 37 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც ნაკრების ვეტერანმა ეროვნულ გუნდში დაბრუნება შეძლო.

ლიეტუვასთან მატჩში დეფომ ეროვნულ გუნდს უკაპიტნა და უემბლიზე გოლის გატანაც შეძლო. ამ მოვლენების შემდეგ ვესტ ჰემის და სპურსის ყოფილმა ფორვარდმა განაცხადა, რომ მისი ასეთი დაბრუნება, ვეგანურ დიეტას უკავშირდებოდა, რომლის მიმდევარიც 35 წლის ფორვარდი, მეგობარი გოგონას დახმარებით გახდა.

ჯერმეინ დეფო: „ახლა უკეთ მესმის ჩემი სხეულის, უკეთ მესმის როდის მჭირდება დასვენება და როდის არა. ზუსტად ვხვდები რას მთხოვს ორგანიზმი.  სწორად და ჯანსაღი კვება მაძლევს საშუალებას ჩემი ფიზიკური ფორმა შევინარჩუნო და ასაკშიც ისეთი დატვირთვით ვირბინო, როგორც ამას ახალგაზრდობაში ვაკეთებდი.“

დეფოს ინგლისის ნაკრების გასახდელში ეხუმრებოდნენ, როცა ეროვნულ გუნდში დაბრუნდა. დელე ალიმ ჰკითხა თუ რას აკეთებდა დეფო მაშინ, როცა ალი დაიბადა - დელე ალი 7 წლის იყო, როდესაც ნაკრების ვეტერანმა პირველად მოირგო ინგლისის მაისური.

დიეტის გარდა, დეფო თამაშის შემდეგ აღდგენის ერთ-ერთი მეთოდს - კრიოთერაპიას მუდმივად მიმართავს და სხეულს დაბალი ტემპერატურაზე, ყინულის აბაზანში რამოდენიმე წუთით აჩერებს.

ჯერმეინ დეფო დღეს თავისი მეგობრის გუნდში სტივენ ჯერარდის რეინჯერსში თამაშობს და 37 წლის კაცს მიმდინარე სეზონში 17 გოლი ჰქონდა გატანილი, სანამ მეტის გატანაში ხელს კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისი შეუშლიდა.

ფორესტ გრინ როვერსი - ვეგანი მილიონერის გუნდი

რეინჯერსის ფორვარდი ამ ინდუსტრიაში მარტო არაა, მის გარდა ვეგანურ დიეტას ბევრი ფეხბურთელი იცავს. ასევე, არსებობენ გუნდები, სადაც მოთამაშეთა უმტესობა ვეგანია. მაგალითად, ასეთია - ფორესტ გრინ როვერსი...

128 წლის კლუბი შარშან ფეხბურთის ლიგაში პირველად დაწინაურდა, კლუბის მფლობელი - დეილ ვინსია - ბრიტანელი მილიონერი, ჰიპი და მწვანე ენერგიის ინდუსტრიალისტი. ვინსის კომპანია ეკოტრისიტი წელიწადში 70 მეგავატ ქარის ენერგიას გამოიმუშავებს.

გუნდში მისვლისთანავე, ვინსმა სამზარეულოში წითელი ხორცის გამოყენება აკრძალა. ბაზის ტერიტორიაზე ვერსად იშოვით რძეს, ან ნებისმიერი სახის რძის პროდუქტს, ტკბილეული და სხვა რძის შემცველი ნაწარამი მარტივად - სოიოს რძეზე მზადდება.

თუმცა ვინსს ამის გამო არავინ აკტრიტიკებს, კლუბს საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ყველაზე წარმატებული პერიოდი უდგას!

რა ხდებოდა დეფომდე? პიონერი ლივერპულიდან

დეფომდე და ფორესტ გრინ როვერსის გამოჩენამდე, ფეხბურთში ერთ-ერთი პირველი ვეგანი, ევერტონის, სუონსი სიტის და გრიმსბი თაუნის ყოფილი მცველი - ნილ რობინსონი გახლდათ.

ნილ რობინსონი: „ჯერ ვეგეტარიანელი ვიყავი, შემდეგ ვეგანი გავხვდი, როცა გავიფიქრე რომ იოგურტს და ყველს ვერასოდეს შევჭამდი ცოტახანი ვიფიქრე, მაგრამ ეს ბარიერი მალევე გადავლახე. სადაც არ უნდა მეთამაშა, ყოველთვის ფიზიკური კონდიციების მხრივ გუნდში საუკეთესო სამეულში ვიყავი და ვეგანობას ჩემთვის ხელი არასოდეს შეუშლია.“

70-იანი წლების ბოლოს ინგლისში მოთამაშეთა ძირითადი რაციონი საქონლის სტეიკი და შემწვარი კარტოფილი იყო „გასვლით თამაშზე სადაც ჩავდიოდით, პირველი რასაც ვაკეთებდი სასტუმროს მზარეულს ვეძებდი, რომ ჩემთვის რამე ცალკე დაემზადებინა." - იხსენებს რობინსონი.

"თუ საქმე ცუდად წავიდოდა, ყოველთვის თან მქონდა საჭმლის ჩანთა, რითიც სოიოს რძე, მოხარშული ბოსტნეული და გამომშრალი ხილი დამქონდა.“ 

ფეხბურთში კვების საკითხი, მწვავედ დიდ ტურნირებზე იჩენს ხოლმე თავს, როდესაც მუსლიმი მოთამაშეები ჩემპიონატის მიმდინარეობისას რამადანის მარხვას იცავენ.

მაგალითად 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე, ალჟირის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს მარხვა მოუწიათ, თუმცა ამას ჩრდილო აფრიკელებისთვის ხელი არ შეუშლია - ჯგუფური ეტაპის მატჩი ინგლისთან სრული დატვირთვით ჩაატარეს და ფაბიო კაპელოს გუნდთან შეხვედრა ფრედ ითამაშეს.

სხვათაშორის, ამ მატჩის შემდეგ ინგლისს მესამე შეხვედრაში ჯგუფიდან გასასვლელად, სლოვენიასთან უეჭველად 3 ქულა სჭირდებოდა. მატჩის ერთადერთი გოლი, მაშინ სწორედ ჯერმეინ დეფომ გაიტანა და ეროვნული გუნდი სირცხვილისგან იხსნა.

კომენტარები

ბოლო ამბები