Thumbnail

ზაზა ფაჩულიამ NBA-ში 16 სეზონის შემდეგ თავისი კარიერა დაასრულა. 16 წელი NBA-ში ძალიან დიდი შედეგია. ამ შედეგის ისტორიული მნიშვნელობა, რომ გავიაზროთ რამდენიმე სტატისტიკური დეტალი.

სპურსის ვარსკვლავური დუეტი - ტონი პარკერი და მანუ ჯინობილი, დალასის ლეგენდარული ცენტრი დირკ ნოვიცკი, პაუ გასოლი, კაცი, რომელმაც კობისთან ერთად ლოს ანჯელეს ლეიკერსს ბოლო ჩემპიონობა მოუტანა, 90-იანების ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი ვლადე დივაცი, აივერსონის მარჯვენა ხელი ფილადელფია სიქსერსში - დიკემბე მუტომბო, ბრაზილიელი ნენე და ამერიკაში აღზრდილი გერმანელი დეტლეფ შრემპფი არიან ის 8 არაამერიკელი მოთამაშე, რომელთაც ზაზასთან ერთად NBA-ში 16 და მეტი სეზონი აქვთ ნათამაშები. დამეთანხმებით ალბათ, რომ არცთუ ისე ურიგო კომპანიაა?!

შენიშვნა: ამ სიაში არ არიან გათვალისწინებული ის მოთამაშეები, რომლებიც აშშ-ს მეზობელ ქვეყნებში არიან დაბადებულები და ამერიკაში აღიზარდნენ. მაგალითად: ტიმ დანკანი ვირჯინიის კუნძულებზე დაიბადა, სტივ ნეში კი - კანადაში.

16 წლის საიდუმლო - როგორ დარჩა ზაზა ლიგაში?

პროფესიონალი ათლეტის კარიერა, ჩვეულებრივ, არცთუ ისე დიდხანს გრძელდება. 16 წელი სპორტსმენისთვის ძალიან დიდი დროა. იმისთვის, რომ ამ ხნის განმავლობაში უმაღლეს დონეზე დარჩენა შეძლოს, სპორტსმენისგან აუცილებელია სამაგალითო დისციპლინა და პროფესიონალიზმი. ვარჯიშებზე გაწეულ შრომას გულშემატკივარი ვერ ხედავს, თუმცა, უდავოა, რომ ზაზას მთელი ამ ხნის მანძილზე უმაგალითო მონდომებითა და პროფესიონალიზმით უნდა ეზრუნა თავის სათამაშო ფორმაზე და არ მიეცა საკუთარი თავისთვის მოშვების საშუალება.

ამ მხრივ, ზაზა ფაჩულია სამაგალითო სპორტსმენია. NBA-ს ორგზის ჩემპიონის სიმაღლეზე იგი პირველ რიგში თავისი შრომისმოყვარეობითა და მონდომებით ავიდა. ზაზას არასოდეს ჰქონია NBA-ს სტანდარტისათვის ექსტრაორდინალური ტალანტი, რომლის ხარჯზეც ითამაშებდა. განსხვავებით მაგალითად, იგივე დირკ ნოვიცკისგან, რომელსაც ფენომენალური სროლა ჰქონდა. ვერავინ ვერ აკეთებდა ნოვიცკის საფირმო მოძრაობას, როდესაც იგი ზურგით, პოსტში, იდგა, ტრიალდებოდა, ნაბიჯს უკან დგამდა და ისე ისროდა, რომ მცველს დაფარების საშუალება არ ჰქონდა (ე.წ. stepback).

თავისი სროლით ნოვიცკი ლიგაში შეუცვლელი იყო. მისგან განსხვავებით, ზაზას გზა ბევრად უფრო რთული ჰქონდა გასავლელი.

არ დაგვავიწყდეს ფაქტი, რომ ტრადიციულად ევროპელთათვის NBA-ში ადგილის დამკვიდრება რთული ამოცანაა. წლიდან წლამდე ლიგაში არაამერიკელების რიცხვი მატულობს და ბოლო სეზონებში NBA-ში ევროპელთა რიცხვი სარეკორდოდ გაიზარდა და 70-ს გადაცდა. იმ წლებში, რომლებშიც ზაზამ ლიგაში თავი დაიმკვიდრა, ევროპელთათვის NBA-ში კარიერის აწყობა ბევრად უფრო რთული იყო.

მოკლედ, პარალელისათვის: ევროპული კალათბურთისთვის ლეგენდად ქცეულმა ოლიმპიაკოსის ლიდერმა ვასილის სპანულისმა ლიგაში მხოლოდ 1 წელი შეძლო თამაში; იგივე დრო გაატარა ამერიკაში - ბარსელონას ლეგენდამ ხუან კარლოს ნავარომ; ევროლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთმა საუკეთესომ, პანათინაიკოსის გამთამაშებელმა ნიკ კალატესმა NBA-ში ადგილი ასევე ვერ დაიმკვიდრა და 2 სეზონის შემდეგ ევროპაში დაბრუნდა; 3 წარუმატებელი წელი გაატარა ამერიკაში რუსული კალათბურთის ვარსკვლავმა ალექსეი შვედმა, 2 - საფრანგეთის ნაკრებისა და მოსკოვური ცსკას ლიდერმა ნანდო დე კოლომ. ამ სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ევროპელთათვის ამერიკაში ფეხის მოკიდება რთულია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

ზაზას წარმატებაში დიდი როლი ითამაშა, რომ იგი NBA-ში სულ ახალგაზრდა 19 წლის აღმოჩნდა, იქამდე კი მას უკვე ჰქონდა ევროლიგაში თამაშის ორწლიანი გამოცდილება თურქულ ულქერთან ერთად. ევროპული კალათბურთი თავისი დინამიკით, თამაშის სტილითა და ტემპით NBA-სგან დიამეტრულად განსხვავდება. ფაქტობრივად, ეს სხვა სპორტია. შედეგად, იმ მოთამაშეებს, რომელთაც ევროპაში ბევრი წელი აქვთ გატარებული და ევროპულად თამაშს არიან მიჩვეულები, NBA-ს თამაშზე გადაწყობა ძალიან უჭირთ. მათი აბსოლუტური უმეტესობა ახალ სათამაშო სტილზე გადასვლას ვერ ახერხებს. ზაზა ლიგაში მაშინ მივიდა, როდესაც ჯერ კიდევ საკალათბურთო ზრდის პროცესში იყო და მან, ფაქტობრივად, კარიერის დასაწყისიდანვე ამერიკული კალათბურთი ისწავლა.

19 წლის ასაკში ათლეტის ფიზიკური ზრდა დასრულებული არ არის. ევროპულ და ამერიკულ კალათბურთს შორის ყველაზე დიდი სხვაობა სწორედ სისწრაფესა და ათლეტურობის ხარისხშია. 19 წლის ზაზას საშუალება ჰქონდა, რომ თავისი ათლეტიზმი თავიდანვე NBA-ს სტანდარტზე აეყვანა და არ ეცადა, უკვე მოგვიანებით, ჩამოყალიბებულ კალათბურთელს გადაწყობოდა სხვა თამაშზე. შედარებისათვის, დანარჩენმა წარმატებულმა ევროპელებმაც კარიერა ამერიკაში ადრეულ ასაკშივე დაიწყეს - ტონი პარკერი ლიგაში 19 წლის მოხვდა, დირკ ნოვიცკი - 20-ს, ხოლო პაუ გასოლი - 21.

ევროპელთათვის NBA-ში ადაპტაციას ართულებს ამერიკული კალათბურთის აგრესიული ხასიათი. ამერიკაში ევროპელებს ჩვეულებრივ მენტალურად უფრო სუსტ მოთამაშეებად აღიქვამენ, რომელთა პარკეტზე დაჩაგვრა და შეშინება უფრო იოლია. გადმოცემით ლარი ბერდი პირად შეურაცხყოფად აღიქვამდა, თუკი მეტოქის მწვრთნელი მის წინააღმდეგ თამაშს არააფროამერიკელს დაავალებდა.

ზაზა თავისი ხასიათითა და ბრძოლისუნარიანობით ამერიკულ კალათბურთს კარგად შეეწყო. წლების მანძილზე ლიგაში მან თავი დაიმკვიდრა, როგორც აგრესიულმა და მებრძოლმა კალათბურთელმა. კარიერის დასაწყისშივე მისი გაწევ-გამოწევა ლიგის ყველაზე ცნობილი thrash talker-სა და ხისტ მოთამაშე კევინ გარნეტთან კი, ზაზას, როგორც უკომპრომისო და მებრძოლი მოთამაშის, სავიზიტო ბარათად მთელი მისი კარიერის მანძილზე იქცა.

ზაზას ამერიკული კარიერის ხანგრძლივობას მისი სათამაშო პოზიციაც უწყობს ხელს. შემთხვევითი არ არის, რომ ზემოთ ჩამოთვლილ 8 კალათბურთელს შორის ზაზას მსგავსად 5 მოთამაშე (ნოვიცკი, მუტომბო, გასოლი, დივაცი, ნენე) ნომინალური ცენტრია. ცენტრის პოზიცია უფრო მეტად მოითხოვს პოზიციურ და სტატიკურ თამაშს, ვიდრე ბევრ და სწრაფად მოძრაობას. შედეგად, ასაკის მატებასთან ერთად სისწრაფის დაქვეითების პრობლემა ნომინალურ ცენტრებს ყველაზე ნაკლებად აწუხებთ. ზაზაც არ არის გამონაკლისი და 35 წლამდე ითამაშა უმაღლეს დონეზე.

არ ენდოთ ზაზას სტატისტიკას

მხოლოდ სტატისტიკური მონაცემების ანალიზით ზაზას კალათბურთს ვერასოდეს მივხვდებით. ზაზას თამაში და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი სტატისტიკაში ნაკლებად აისახება.

ზაზას კარიერული მაჩვენებელი NBA-ში

ერთი შეხედვით, ზაზას საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი აქვს. ჩნდება კითხვა, თუ როგორ მოახერხა დრაფტის მეორე რაუნდში, 42-ე ნომრად არჩეულმა კაცმა, რომელსაც საშუალოდ თამაშში 7 ქულა და 6 მოხსნა აქვს 16 წელზე მეტის განმავლობაში მოთხოვნადი ყოფილიყო მსოფლიოს უძლიერეს და ყველაზე ვარსკვლავურ ლიგაში და ეთამაშა 1098 (!) თამაში.

სტატისტიკა ვერ აჩვენებს ზაზას ყველაზე მთავარ ღირსებას, რის გამოც იგი იმ ტიპის მოთამაშეა, რომელიც ნებისმიერ გუნდს სჭირდება. ზაზა დაცვითი ტიპის ცენტრია, იგი ძალიან კარგად იცავდა თავს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურ დაცვაში და კარგად ამაგრებდა სამწამიანს.

ზაზას მთავარი სათამაშო ღირსება მისი სათამაშო ინტელექტი და გუნდისთვის თავდადების უნარია, ის რასაც ამერიკელები sacrifice-ს უწოდებენ. ზაზა დიდი მოცულობით დაცვით, „შავ სამუშაოს“ ასრულებდა - მზად იყო დაპირისპირებოდა მოწინააღმდეგის ყველაზე სახიფათო შემტევ ცენტრებსა და მძიმე ფორვარდებს, დაეზღვია თანაგუნდელები, ბევრი ებრძოლა, მოეხსნა ბურთი. მასთან ერთად თამაში უფრო ადვილი იყო. იგი თანაგუნდელებს საქმეს უიოლებდა, ასრულებდა რა დიდი მოცულობით შავ სამუშაოს, საქმეს, რომელიც ჰაილაითებში არ ხვდება და გულშემატკივარი ნაკლებად ხედავს, თამაშის მოსაგებად კი აუცილებელია.

ზაზას სარგებელს გუნდისთვის დეტალური სტატისტიკა უფრო ნათლად ხდის. მთელი მისი ამერიკული კარიერის მანძილზე პარკეტზე ყოფნის დროს იგი ყოველთვის ახერხებდა მეტოქის ფარზე თავისი გუნდის მოხსნების 10 პროცენტზე მეტი მოეხსნა (12.3 % - კარიერული მაჩვენებელი), თავის ფარზე კი 2010 წლის შემდეგ ყოველთვის ხსნიდა თავის გუნდის მოხსნების 20 პროცენტზე მეტს (20.4 % კარიერული მაჩვენებელი) - ეს იმას ნიშნავს, რომ წლიდან წლამდე მის გუნდს ზაზას სახით ძალიან სტაბილური მომხსნელი ჰყავდა.

მთელი მისი კარიერის მანძილზე ზაზას შეტევაში უარყოფითი, მინუს სტატისტიკა ჰქონდა ანუ მისი გუნდი მასთან ერთად უფრო ცუდად უტევდა (-1.2), თუმცა, როდესაც ზაზა პარკეტზე იყო ხოლმე, არ ყოფილა თუნდაც ერთი სეზონი, როდესაც მის გუნდს ზაზასთან ერთად დაცვაში უარყოფითი სტატისტიკა ჰქონოდა - ნებისმიერი დაცვა ქართველ ცენტრთან ერთად ბევრად უკეთესი იყო (+ 0.9).

შემთხვევითი არ იყო, რომ ვარსკვლავურმა გოლდენ სტეიტმა, რომელსაც ბაზარზე ბევრი არჩევანი ჰქონდა, აქცენტი სწორედ ზაზა ფაჩულიაზე გააკეთა და არა რომელიმე სხვა მოთამაშეზე, რომელსაც, შესაძლოა, უფრო უკეთესი კარიერული სტატისტიკა ჰქონდა.

ზაზა კარგად გრძნობდა თამაშს და ხვდებოდა, თუ რა ტიპის თამაში სჭირდებოდა გუნდს მისგან და მზად იყო ეს სამუშაო შეესრულებინა. კარიერის მანძილზე, როდესაც აცნობიერებდა, რომ გუნდს ეს სჭირდებოდა, იგი ყოველთვის უპრობლემოდ თანხმდებოდა თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩართვაზე - ლიგაში ჩატარებული 1030 თამაშიდან ნახევარზე მეტში იგი სკამიდან ეხმარებოდა გუნდს და ამ ფაქტს მისი პროდუქტიულობა არ შეუმცირებია.

2005-2007 წლებში ზაზა ატლანტა ჰოუქსის სასტარტოში თამაშობდა და ჯოშ სმიტთან და ჯო ჯონსონთან ერთად ახალგაზრდა და პერსპექტიულ გუნდში კარიერის საუკეთესო ციფრებს აჩვენებდა - 11 ქულასა და 7 მოხსნაზე მეტი თამაშში. შემდეგი სეზონიდან გუნდმა სასტარტო ცენტრის პოზიციაზე ახალგაზრდა ალ ჰორფორდი დაიმატა, პლეი ოფში გავიდა და ამ წლის მომავალ ჩემპიონ ბოსტონ სელტიკსს 7 თამაში ეომა. ზაზას სათადარიგო სკამზე გადასვლისა და ჰორფორდის, სტილურად სრულიად განსხვავებული მოთამაშის, შეცვლის პრობლემა არ ჰქონია.

ზაზას ციფრებს კიდევ უფრო მეტი ფასი აქვს, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი კარიერულად საშუალოდ თამაშში 20.3 წუთს თამაშობდა ანუ შემოდიოდა იმ როლის (დაცვითი ცენტრის) შესასრულებლად, რომელიც მას ყველაზე უკეთ შეეძლო. კარიერაში იგი ბურთს 47 პროცენტით ისვრის და ორლანდოში გატარებული პირველი სეზონის შემდეგ არასოდეს, არცერთ გუნდში, არ ჩამოსცდენია სიზუსტის 40 პროცენტიან მაჩვენებელს.

ეს ნიშნავს, რომ იგი ძალიან კარგად აანალიზებდა თამაშს და იღებდა კარგ, მაღალპროცენტიან სროლებს. ზაზასთან ერთად გუნდს ყოველთვის ჰყავდა მოთამაშე, რომელიც კარგად ხვდებოდა თავის ძლიერ და სუსტ მხარეებს და იცოდა, როდის უნდა შეეტია კალათისთვის.

სხვა ევროპელი მოთამაშეებისგან განსხვავებით, ზაზას ძალიან კარგად შეეძლო სწორედ შეეფასებინა და გადაეწყო თამაში. ეს პრობლემა იყო მაგალითად ხუან კარლოს ნავაროსთვის და სხვა ევროპელი მოთამაშეებისთვის, რომლებიც ევროპაში პირველ როლში თამაშს იყვნენ მიჩვეულნი, ბევრად უფრო კონკურენტულ NBA-ში კი არ აღმოაჩნდათ რესურსი გადაეწყოთ თავისი თამაში და შეესრულებინათ ის როლი, რომელიც მის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

შემთხვევითი არ არის, რომ ზაზას სტატისტიკური მაჩვენებელი საქართველოს ნაკრებში დიამეტრულად იცვლებოდა. როდესაც ნაკრებს ზაზა შეტევის უმთავრეს ოპციად სჭირდებოდა, მას ამ როლის აღება ძალიან კარგად შეეძლო. გულშემატკივარს მრავალგზის ახსოვს, თუ როგორ ახერხებდა ორთაბრძოლაში ზაზა იმ ვიზავის დაჩაგვრას, რომელსაც NBA-ში თითქოს მასზე უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებელი ჰქონდა. ყველაზე კარგ მაგალითად, მე ევროპის ჩემპიონატზე ლიტვის ნაკრებთან საპლეიოფო შეხვედრა მახსენდება, როდესაც ტორონტოს რეპტორსისა და ლიტვის ნაკრების ცენტრი იონას ვალანჩუნასი ზაზასთან ორთაბრძოლაში უპირობოდ დაიჩაგრა, ფოლები აიღო, მხოლოდ 20 წუთი ითამაშა და 5 ქულას დასჯერდა, მაშინ, როცა ზაზამ 35 წუთში 23 ქულა დააგროვა. არადა NBA-ში ვალანჩუნასი ზაზაზე თითქმის ორჯერ მეტს ყრის თამაშში და მისი მონაგარი თამაშში საშუალოდ 11 ქულას სცდება.

2 სეზონი გოლდენ სტეიტში

მისი ამ თვისებების გამო ზაზამ ორი წელი გოლდენ სტეიტ უორიორსში, ბოლო წლების საკალათბურთო სამყაროს ყველაზე ძლიერ და ვარსკვლავურ გუნდში, გაატარა და NBA-ს ორი ჩემპიონობაც მოიპოვა. გოლდენ სტეიტში ზაზას ქულების მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა ზუსტი სროლების პროცენტმა მოიმატა.

ჯამში 139 თამაში (127 სასტარტოში)

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფაჩულია მაღალი საკალათბურთო ინტელექტის მქონე მოთამაშეა. გუნდში, რომელშიც სტეფ კარი და კევინ დურანტი თამაშობენ უცნაური იქნებოდა, რომ ზაზა შემტევი ოპცია ხშირად ყოფილიყო. შედეგად მისი სროლების რაოდენობა შემცირდა, პროცენტი კი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაზა მხოლოდ მაშინ უტევდა ფარს, როდესაც მაღალპროცენტიანი სროლა ჰქონდა, ცუდ სროლებზე კი უარს ამბობდა.

კალიფორნიელებს ფაჩულია პირველ რიგში დაცვაში ეხმარებოდა, რადგან უორიორსს სიმაღლის პრობლემა ჰქონდა და ხშირად აგებდა ფარს მეტოქეებთან. ფაჩულიას მისვლამდე, წინა სეზონში, უორიორსი ფინალში კლივლენდთან დამარცხდა და კალიფორნიელებმა ფარი და მოხსნები პირწმინდად დათმეს კლივლენდის ცენტრ ტრისტან ტომპსონთან.

შედეგად გოლდენ სტეიტმა ცენტრის პოზიციაზე მაღალი, დაცვითი ტიპის მოთამაშის დამატება გადაწყვიტა, რომელიც უკვე დალაგებულ შემტევ თამაშში გაუაზრებელი მოქმედებებით ხელს არ შეუშლიდა, საჭიროების შემთხვევაში კი თავისი ფიზიკური ძალით და აგრესიით ფარს დაიცავდა.

შეტევის დროს ზაზას საქმე ე.წ. სქრინებით მსროლელებისთვის სროლის შექმნა იყო.

შენიშვნა: სქრინი საკალათბურთო ტერმინია. ცენტრი ან რომელიმე სხვა მოთამაშე ბლოკავს დამცველს თავისი სხეულით, ზღუდავს მის მოძრაობას და აძლევს თავის ბურთიან თანაგუნდელს, თავისუფალ ზონაში გასვლის და სროლის საშუალებას.

მის მიერ გაწეული სამუშაო აისახა დეტალურ სტატისტიკაში. PER (Player Efficiency Rating)-ის მიხედვით, რომელიც 1 წუთის მანძილზე მოთამაშის მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებას ითვლის, გოლდენ სტეიტში გატარებული 2 სეზონი ზაზასთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვეულებრივ, საშუალო მაჩვენებლად ლიგაში 15 მიიჩნევა, ზაზას კარიერული მაჩვენებელიც ლიგის საშუალოს სტანდარტს სრულად შეესაბამება - 14.6. მის კარიერაში მხოლოდ 3 სეზონი იყო, როდესაც ქართველი ცენტრი 15-იან მაჩვენებელს გადასცდა - ორჯერ კი ეს სწორედ გოლდენ სტეიტში გატარებულ სეზონებში მოხდა (17 და 16.1)

ორი სეზონის შემდეგ ზაზამ უკვე NBA-ს ორგზის ჩემპიონის რანგში დატოვა კალიფორნია.

ზაზას მთავარი პრობლემა ლიგაში

ზაზას ლიგაში მოსვლის შემდეგ თამაში საგრძნობლად შეიცვალა და ეს ცვლილებები ზაზას სათამაშო სტილს არცთუ ისე კარგად ერგებოდა. თუკი 10 წლის წინ NBA-ში თითქმის ყველა გუნდს ჰყავდა ცენტრი, რომელიც სამწამიანს იცავდა და თამაში უფრო სტატიკური, კონტაქტური და პოზიციური იყო, დღეს თამაში უფრო სწრაფი, დინამიური და სროლაზე ორიენტირებული გახდა.

პოზიციური და ფიზიკურ კონტაქტზე დაფუძნებული თამაში ზაზას ძლიერი მხარეა, მაშინ როდესაც ზაზა არც ლიგის ყველაზე სწრაფი მოთამაშეების რიცხვში შედის და არც ყველაზე კარგი მსროლელია. თანამედროვე თამაშში ის ფაქტი, რომ ნომინალური ცენტრები სამქულიანს ისვრიან, უკვე ნორმად იქცა. ზაზას კი NBA-ში არცერთი სამქულიანი არ ჩაუგდია და 16 წლიანი კარიერის მანძილზე მცდელობაც სულ რამდენჯერმე ჰქონდა, რომ სამქულიანები ესროლა.

ეს ტენდენცია ფაჩულიას თამაშზე კარგად არ აისახება. ზაზა ვერც თვითონ ისროდა სამქულიანს და უფრო და უფრო ხშირად უწევდა, რომ სამწამიანის დაცვის ნაცვლად პერიმეტრზე გაჰყოლოდა მეტოქის ცენტრებს, რომლებიც სამიანებს ისროდნენ. სწორედ ამიტომ, როდესაც, მაგალითად გოლდენ სტეიტი თამაშის გადამწყვეტ მომენტებს იმ ტიპის ხუთეულით თამაშობდა, რომელშიც სამქულიანის სროლა ყველა მოთამაშეს უნდა შეძლებოდა, ბუნებრივია, ამ ტიპის ხუთეულში ფაჩულიას ადგილი ვერ მოიძებნებოდა.

ნახეზაზა ფაჩულიას ოცნების გუნდი: კობი თუ ჯორდანი? ლებრონი თუ დურანტი?

სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ ზაზას სროლების ნახევარზე მეტი (57.4 %) 1 მეტრამდე დისტანციიდან არის შესრულებული, რაც უფრო შორდება იგი ფარს უფრო იშვიათად ისროდა. დისტანციის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლებოდა ზაზას ზუსტი სროლების პროცენტიც - თუკი მისი საყვარელი, 1 მეტრამდე დისტანციიდან ზაზა 55.4 პროცენტით ისროდა, უკვე 1-3 მეტრის დისტანციაზე მისი ზუსტი სროლების პროცენტი 33.3-მდე ჩამოდიოდა და არცერთი სხვა დისტანციიდან ქართველი ცენტრი 40 პროცენტზე მეტი სიზუსტით აღარ ისროდა (3-5 მეტრი -40.4 %, 5-7 მეტრი -34.2 %). ეს იმას ნიშნავს, რომ ზაზა თავის საუკეთესო თვისებებს ფარის სიახლოვეს ავლენდა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და თანამედროვე თამაშის დისტანციიდან სროლის ტენდენცია ზაზას სტილს ნაკლებად შეესაბამებოდა.

გარდა ამისა, თანამედროვე თამაშს ზაზას მებრძოლი სტილი უფრო ნაკლებად ერგებოდა, ვიდრე ეს მისი ამერიკული კარიერის დასაწყისში იყო. მსაჯები უფრო იოლად უსტვენენ ჯარიმებს, მეტი აქცენტი კეთდება შეტევაზე და ფიზიკური კონტაქტი დაცვაში უფრო ნაკლებია. მაგალითად, გასულ სეზონებში ზაზას ხისტი თამაშის გამო (განსაკუთრებით კავაი ლეონარდსა და რასელ ვესტბრუკის წინააღმდეგ) ბევრი კრიტიკა შეხვდა, როგორც სპეციალისტების, ასევე მეტოქე გუნდების გულშემატკივრის მხრიდან. არადა განსაკუთრებული მას არაფერი უქნია, თამაშობდა ისე, როგორც ყოველთვის ჩვევია -იბრძოდა იმისთვის, რომ თავისი გუნდისთვის მოგების უკეთესი შანსი მიეცა.

ბოლო სეზონი დეტროიტში

შემთხვევითი არ იყო, რომ გასულ სეზონის წინ ფაჩულიას დამატება დეტროიტ პისტონსმა გადაწყვიტა. დეტროიტი ბოლო წლებია სტაბილურად ერთ-ერთი ყველაზე ნელი და დაცვითი გუნდია ანუ იმ სტილის კალათბურთს თამაშობს, რომელსაც ზაზა იოლად უნდა მორგებოდა. ბოლო სეზონიც გამონაკლისი არ აღმოჩნდა - თამაშში 97.4 პოზიციით დეტროიტი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ნელი გუნდი იყო (28-ე ადგილი ლიგაში), თამაშში 107.0 ქულას ყრიდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგია (25-ე ადგილი), თუმცა დაცვაში საშუალოდ ერთ თამაშში მხოლოდ 107.3 ქულას იღებდა, რაც NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია (მე-7 ადგილი ლიგაში).

ბოლო სეზონებია დეტროიტის სათამაშო სტილს მათი ათლეტური დაცვითი ცენტრი ანდრე დრამონდი განსაზღვრავს. დრამონდი წლევანდელ სეზონამდე მიჩიგანელთა მთავარი ვარსკვლავი იყო და დეტროიტიც სწორედ ამიტომ ანიჭებდა უპირატესობას ნელ და დაცვით კალათბურთს. ამ სეზონში დრამონდს გუნდში ბლეიკ გრიფინიც დაემატა, რას იმას ნიშნავდა, რომ პისტონსი ლიგაში იშვიათი გუნდი იყო, რომელიც ერთდროულად ორი მძიმე მოთამაშით თამაშობდა.

ზაზას მთავარი ფუნქციაც დრამონდის შეცვლა და მისი დასვენების წუთებში იმავე როლის შესრულება იყო, რასაც ანდრე ასრულებდა. შესაბამისად, დეტროიტმა ზაზა სეზონში 10-15 წუთიანი მონაკვეთისთვის დაიმატა. ამის გათვალისწინებით, მას ნორმალური სეზონი ჰქონდა - ანუ ასრულებდა იმ როლს, რომელიც მისი ძირითადი საქმე იყო.

გასული სეზონის სტატისტიკა

სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ დრამონდი თამაშში დაახლოებით 14-15 წუთს ისვენებდა, დაახლოებით იმდენს, რამდენსაც თამაშობდა საშუალოდ ზაზა.

იმ ფონზე, როდესაც დრამონდს თამაშში 13.3 სროლა ჰქონდა, ხოლო ზაზას მხოლოდ 2.8 სროლა, მათ მიერ დაგროვებულ ქულებში მნიშვნელოვანი სხვაობა გასაკვირი სულაც არ არის. თვალში გვხვდება გოლდენ სტეიტში გატარებულ სეზონებთან შედარებით ზაზას ზუსტი სროლების სტატისტიკის გაუარესება. კალიფორნიაში გატარებულ ბოლო სეზონში ზაზა ძალიან მაღალი, 56.4 პროცენტით ისროდა, დეტროიტში კი მისი მაჩვენებელი 44 პროცენტამდე შემცირდა. 12.4 პროცენტი მნიშვნელოვანი კლებაა, თუმცა ეს შედეგი პირველ რიგში არა ზაზას თამაშის გაუარესებით, არამედ მისი გუნდების სათამაშო სტილისტიკით უნდა აიხსნას. გოლდენ სტეიტი ლიგაში საუკეთესოა ბურთის გათამაშებაში და თავის მოთამაშეებს ძალიან კარგ სროლებს უქმნის - ზაზაც უორიორსში მხოლოდ მაშინ უტევდა, როდესაც ჩაგდების ძალიან დიდი შანსი ჰქონდა, დეტროიტში კი მას ბევრად უფრო რთული სროლების თავის თავზე აღება უწევდა.

ზაზას თამაში დეტროიტულ კულტურასაც შეეფერებოდა. დეტროიტი მუშების ქალაქია, წლების მანძილზე სწორედ ამ ქალაქში მდებარეობდა საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტი „ჯენერალ მოტორსი“, რომელიც ქალაქში ძირითადი დამსაქმებელი იყო. სწორედ აქედან მოდის დეტროიტის მეტსახელი - Motor City. დღესაც დეტროიტში, ძირითადად, უბრალო და მუშა ხალხი ცხოვრობს, რომელიც სპორტში მებრძოლ სტილს ყველაზე მეტად აფასებს. თამაშის ათლეტური და დაცვითი სტილი ყოველთვის იყო დეტროიტისთვის სახასიათო.

16 სეზონი და 7414 ქულა მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში თითქმის ყველაფერს ამბობს. თითქმის, მაგრამ არა ყველაფერს - მთავარი მაინც ის არის, როგორი 16 სეზონი იყო - ძალიან ღირსეული, ბრძოლით და შრომით გატარებული, ნაბიჯ-ნაბიჯ იმ მწვერვალამდე, რასაც NBA-ს ჩემპიონობა ჰქვია.

ამერიკულ პრესაში ზაზასთან მიმართებაში ყოველთვის ხაზს უსვამდენ, რომ ეს ის კაცია, რომელსაც გუნდში ახალგაზრდებისთვის საჭირო მაგალითის და რჩევის მიცემა შეეძლო, კაცი, რომელიც გასახდელში სწორ განწყობას და ატმოსფეროს ქმნიდა. ეს ძალიან დიდი კომპლიმენტია.

საქართველოში ძალიან გვეამაყება ხოლმე ჩვენიანი კაცი მსოფლიოს უდიდეს სარბიელზე ამდენი წელი რომ შემოგვრჩა. თუმცა მგონია, რომ ყველაზე მთავარს მაინც ვერ ვხვდებით - ალბათ ამას დრო უნდა. ზაზა ფაჩულია ის მაგალითია ყველა ჩვენგანს რომ გამოგვადგება, უბრალოდ ჩვენ საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება - გულწრფელად ასე მგონია, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე.

ჩვენს ახლადშექმნილ და კარგად ნაწვალებ სახელმწიფოში ყველაზე ხშირად დიდი ნიჭის მქონე ხალხმა რომ რეალიზება ვერ შეძლო, ასეთი ისტორიები ვიცით და ამ ნიჭის ხალხი გვიხარია, მათი ცალკეული გამონათებებით - თითქოს ჩვენს თავს თუ ჩვენს ბედს ვხედავთ ამ ისტორიაში - ბევრი შეგვიძლია, მაგრამ ბოლომდე ვერ შევძელით.

ზაზასნაირი მაგალითები ცოტა გვყავს და ესეთი ხალხი ძალიან გვაკლია - შრომით, ბრძოლით და ხასიათით რომ დაიმკვიდრებ ლებრონების და ბრაინტების სამყაროში შენს ადგილს და 16 წელი ამ სამყაროში ღირსეული და მიღებული კაცი ხარ.

ამერიკაში უყვართ ხოლმე ასე თქმა და ჩვენს შემთხვევაშიც ზუსტად ასეა - საქართველოსთვის ზაზა ფაჩულია უფრო მეტია, ვიდრე კალათბურთი.

კომენტარები

ბოლო ამბები