Thumbnail
  • გოლდენ სტეიტის კონფერენციის ნახევარფინალში გასვლა გადაიდო
  • ლოს ანჯელეს კლიპერსმა უორიორსს 129:121 მოუგო
  • ჰიუსტონი კონფერენციის ნახევარფინალშია და ჩემპიონს ელოდება

NBA-ს პლეი ოფის პირველ რაუნდში, გოლდენ სტეიტს ლოს ანჯელეს კლიპერსის დამარცხება უფრო ადრე ჰქონდა დაგეგმილი, ახლა კი, მოქმედი ჩემპიონი ლოს ანჯელესში კიდევ ერთხელ უნდა ჩავიდეს, რადგან საკუთარი პუბლიკის წინაშე კლიპერსთან 121:129 დამარცხდა და სერიაში ანგარიში 3:2 გახდა.

არადა, კევინ დურანტმა ამ შეხვედრაში თავის ქომაგებს დიდი გალა-წარმოდგენა შესთავაზა - მან 45 ქულა ჩააგდო, რაც კევინისთვის, პლეი ოფში, პირადი რეკორდია. ამასთან, დურანტმა პლეი ოფის ყველა დროის ყველაზე შედეგიან კალათბურთელთა რეიტინგში ჯონ ჰავლიჩეკს გადაასწრო და ახლა უკვე მე-12 ადგილზეა. ამასთან, კევინმა კიდევ 6 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრაც მიითვალა - მოკლედ, ის შეუჩერებელი იყო. სტეფ კარიმ 24 ქულა მიითვალა, კლეი ტომპსონმა კი - 22.

კლიპერსის გამარჯვება ლუის უილიამსის დამსახურებაა, რომელმაც 33 ქულით და 10 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა. ჰარელმა 24 ქულა მიითვალა, გალინარიმ - 26. აღსანიშნავია, რომ კლიპერსმა მესამე პერიოდში გადალახა 100-ქულიანი ბარიერი - მას მერე, რაც სტივ კერი წვრთნის, გოლდენ სტეიტს ასეთი რამ აქამდე მხოლოდ ორჯერ დაემართა.

📺 ვიდეო: გოლდენ სტეიტი 121:129 კლიპერსი (მიმოხილვა)

მეექვსე თამაში შაბათს გამთენიისას გაიმართება. გოლდენ სტეიტს მეორე რაუნდში უკვე ელოდება ჰიუსტონ როკეტსი, რომელმაც იუტას 100:93 მოუგო და სერიაში 4:1 გაიმარჯვა. ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 26 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 4 დაფარება იყო. აღსანიშნავია, რომ ჰარდენი პირველ მეოთხედში უქულოდ დარჩა. როკეტსის ცენტრმა კლინტ კაპელამ 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

📺 ვიდეო: ჰიუსტონი 100:93 იუტა (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები