Thumbnail

ჰარი კეინისთვის სეზონი დასრულდა? ტოტენჰემმა ლიდერი ისევ დაკარგა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტოტენჰემის ლიდერმა სიტისთან შეხვედრა ტრავმის გამო ვერ ჩაამთავრა
  • 25 წლის თავდამსხმელმა კოჭი დაიზიანა და სტადიონი ყავარჯნებით დატოვა
  • წინასწარი ვარაუდით, დეზების ბომბარდირისთვის სეზონი დასრულებულია

წელს ჰარი კეინს ძალიან არ უმართლებს. ტოტენჰემის საუკეთესო ბომბარდირმა იანვარში მიღებული ტერფის მყესების ტრავმის გამო, ერთი თვე გამოტოვა, მაგრამ შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, რათა "დეზებს" ინგლისის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვან მატჩებში დახმარებოდა. მაგრამ ჰარი ისევ დაშავდა და როგორც ჩანს, მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ის ამჯერად უკვე სეზონის ბოლომდე დაკარგა. 

ჰარი კეინმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალის პირველ მატჩში მანჩესტერ სიტისთან (1:0) მიიღო. მეორე ტაიმის დასაწყისში ტოტენჰემის ფორვარდმა მარცხენა ფეხის კოჭი ფაბიან დელფთან ორთაბრძოლისას დაიშავა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

ჰარი კეინის ტრავმის ეპიზოდი

მანამდე კეინს ფერნანდინიო ასე გაუსწორდა

ჰარი გასახდელისკენ კოჭლობით გაეშურა, სტადიონი კი, როგორც გავრცელებული ფოტოდან ჩანს, სულაც ყავარჯნებით დატოვა.

25 წლის ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა უახლოეს მომავალში უნდა ჩაუტარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება ტრავმის სიმძიმეც და გამოჯანმრთელების ვადებიც, თუმცა წინასწარი ვარაუდით, კეინისთვის სეზონი უკვე დასრულდა.

ამ მოსაზრებას იზიარებს ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინოც:

"ეს ძალიან, ძალიან სამწუხარო ამბავია. კეინის გარეშე გაგვიჭირდება. ის ალბათ სეზონის ბოლომდე გამოგვაკლდა".

მიმდინარე სეზონში ჰარი კეინმა პრემიერლიგის 28 მატჩში ითამაშა, გაიტანა 17 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი.  

ტოტენჰემ ჰოთსპურისა და მანჩესტერ სიტის საპასუხო დაპირისპირება “ეტიჰადზე” 17 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები