Thumbnail
  • ნახევარფინალში ერთმანეთს ტურნირის ყველაზე წარმატებული გუნდები შეხვდებიან
  • მიუნხენის ბაიერნი ბრემენის ვერდერს ესტუმრება
  • მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე ჰამბურგი ლაიპციგს უმასპინძლებს

მიუნხენის ბაიერნი გერმანიის თასის ნახევარფინალში ბრემენის ვერდერს უნდა ესტუმროს, მეორე შეხვედრაში კი, ჰამბურგი ლაიპციგს უმასპინძლებს - ასეთია წილისყრის შედეგი. ნახევარფინალური მატჩები 23 და 24 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერდერი და ბაიერნი ერთმანეთს რამდენიმე დღეში ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდებიან - ბუნდესლიგაში ისინი ერთმანეთს 20 აპრილს, მიუნხენში შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ ბაიერნი და ვერდერი გერმანიის თასის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდებია. ბავარიული გრანდი თასის ფინალში 22-ჯერ იყო და 18 ტიტული მოიგო. ვერდერმა ფინალში 10-ჯერ გააღწია და გერმანიის თასს 6-ჯერ დაეუფლა. ბაიერნის შემდეგ DFB Pokal ყველაზე მეტჯერ სწორედ ბრემენულ კლუბს აქვს მოგებული. მესამე და მეოთხე ადგილებზე შალკე და აინტრახტი არიან (5-5 ტიტული).

შარშან გერმანიის თასს აინტრახტი დაეუფლა - ფინალში ბაიერნი 3:1 დაამარცხა

ბაიერნს ბრემენში იოლი გასეირნება არ ელის - ვერდერმა წელს დორტმუნდის ბორუსია და შალკე გააგდო. ბაიერნმა მეოთხედფინალში მეორელიგელი ჰაიდენჰაიმი 5:4 დაამარცხა. თუმცა ბაიერნი ვერდერთან მაინც უპირობო ფავორიტია - ისევე, როგორც მეორე წყვილში ლაიპციგი, მეორელიგელ ჰამბურგთან. თუმცა აღსანიშნავია, რომ გამოცდილი ჰამბურგისგან განსხვავებით, ლაიპციგი ახალგაზრდა გუნდია, გერმანიის თასზე სულ 6-ჯერ იასპარეზა და მერვედფინალზე შორს არასდროს გასულა. ჰამბურგს კი გერმანიის თასი სამჯერ აქვს მოგებული, თუმცა 2009 წლის შემდეგ თასის ნახევარფინალში პირველად გავიდა. მაშინ, ჰამბურგელები საკუთარ მოედანზე ვერდერთან დამარცხდნენ.

გერმანიის თასის ფინალი 25 მაისს, ტრადიციულად, ბერლინის ‘ოლიმპიაშტადიონზე’ გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები