Thumbnail
  • ბაიერნი 4:2 ვერდერი.
  • 0:1 გონდორფი (25), 1:1 თ. მიულერი (41), 2:1 ლევანდოვსკი (63), 2:2 ზიულე (75. საკუთარ კარში), 3:2 ლევანდოვსკი (76), 4:2 თ. მიულერი (84).
  • თომას მიულერმა ბუნდესლიგაში მე-100 გოლი გაიტანა.

14 მოგებული დუელი ზედიზედ! ამ 14 თამაშში გატანილი 55 გოლი (3,9 გოლი საშუალოდ ერთ შეხვედრაში)!! მიუნხენში ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში მინიმუმ 5 გოლი ვერდერის კარში!!! მიუნხენის ბაიერნისა და ბრემენის ვერდერის მატჩის წინ ყველაფერი რეკორდმაისტერის სასარგებლოდ მეტყველებდა.

თუმცა ბრემენელებმა, რომლებსაც მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრებათ, ბავარიული გრანდის წინააღმდეგ საკმაოდ თამამად ითამაშეს და იუპ ჰაინკესის გუნდს ამჯერად პრობლემები შეუქმნეს. სანამ გონდორფი (25-ე წუთზე) ანგარიშს გახსნიდა, კრუზემ ბაიერნის კარის ძელი მოიკითხა (7). გონდორფის გოლს მიუნხენელებმა პირველივე ტაიმში უპასუხეს - ბოატენგის პასით მიულერმა გაათანაბრა.

საინტერესო რეკორდი: როცა მიულერს გოლი გააქვს, ბაიერნი არ აგებს - 78 მატჩი, 74 მოგება!

თომას მიულერი - 272 მატჩი, 100 გოლი ბუნდესლიგაში

მეორე ტაიმში ბაიერნი საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდა და 63-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკინ გასატანი გაიტანა - რეკორდმაისტერი წინ გავიდა. თუმცა ბრემენელებმა კიდევ ერთხელ შეძლეს გათანაბრება - ოღონდ ეს მიუნხენელმა გააკეთა: ზიულემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ეს 75-ე წუთზე მოხდა და ბაიერნს ბევრი დრო აღარ რჩებოდა, მაგრამ მიუნხენელებმა ბრემენელები მეცხრე ციდან ისევ მიწაზე დაანარცხეს: ერთ წუთში ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა, 84-ე წუთზე კი თომას მიულერმა ბუნდესლიგაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები