Thumbnail

ამას ჰქვია ტრანსფერი - სიმონ ტეროდემ კიოლნი მოგებას შეაჩვია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჰამბურგი-კიოლნი 0:2
  • კიოლნს ამ ზამთარს მხსნელად სიმონ ტეროდე მოევლინა.
  • ჰამბურგის საშველი კი არ ჩანს.

ჰამბურგში ბუნდესლიგის აუტსაიდერების დაპირისპირება გაიმართა. ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა ჰამბურგმა მაჩანჩალა კიოლნი მიიღო და ვერაფერს გახდა.

“ფოლკსპარკშტადიონზე” გამართული მატჩის გმირი სიმონ ტეროდე გახდა.

ამ ზამთარს შტუტგარტიდან 4 მილიონ ევროდ ნაყიდმა ფორვარდმა “თხებს” უკვე ზედიზედ მეორე თამაში მოაგებინა. თუკი წინა ტურში ტეროდემ სტუმრად გლადბახს გაუტანა გადამწყვეტი გოლი (2:1), ამჯერად სულაც დუბლი შეასრულა. 

29 წლის ტანმაღალმა თავდამსხმელმა ჰამბურგში ჯერ 27-ე წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ დაასწრო ყველას და გაიტანა, მეორედ კი 67-ე წუთზე, მილოშ იოიჩის პასის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასულმა არ გაუშვა შანსი ხელიდან.

კიოლნს, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო, უკვე 12 ქულა აქვს და თუ ასე გააგრძელა, მალე მის მდგომარეობაზე უიმედო აღარ ითქმის.

და ამ ყველაფერში დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, შტეფან რუტენბეკს მიუძღვის, რომელიც გუნდს გასული წლის დეკემბრიდან თავკაცობს. 5 მატჩში 3 მოგება - ასეთია მისი შედეგი კიოლნში, რომელსაც მანამდე ჩემპიონატში მოგება არ ჰქონდა.

საპირისპირო მდგომარეობაა ჰამბურგში, სადაც ჯერ-ჯერობით იმედის ნაპერწკალიც არ ჩანს - მარკუს გისდოლის გუნდს წაგებათა 4-მატჩიანი სერია და 15 ქულა აქვს.

ბუნდესლიგის მე-19 ტური კვირას, ბაიერნი-ვერდერისა და შალკე-ჰანოვერის მატჩებით დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები