Thumbnail
  • გერმანიის ბუნდესლიგაში მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართა.
  • ლეონ ბეილიმ ჰოფენჰაიმს ისეთი გოლი გაუტანა, საბავშვო ლიგებშიც რომ იშვიათად ნახავთ. 

ფრაიბურგი 2:1 ლაიპციგი

ლაიპციგს სტაბილურად თამაში არ გამოსდის. რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდმა, რომელმაც წინა ტურში შინ შალკე გაამწარა და თითქოს ხასიათიც გამოიკეთა, ამჯერად სტუმრად ფრაიბურგთან წააგო. 

არადა, 65-ე წუთზე შესაშურ ფორმაში მყოფმა ტიმო ვერნერმა სტუმრების დაწინაურება შეძლო. გერმანიის ნაკრების 21 წლის ფორვარდის ანგარიშზე მიმდინარე ბუნდესლიგის 17 მატჩში უკვე 10 გოლი და 3 პასია.

მაგრამ ლაიპციგის სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. 7 წუთში ჯერ იანიკ ჰაბერერმა აღადგინა წონასწორობა, 76-ეზე კი უკვე რობინ კოხმაც გაიტანა და მასპინძლებს 3 ქულა მოუტანა.

ფრაიბურგის მთავარი მწვრთნელის კრისტიან შტრაიხის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მის გუნდს ჩემპიონატში 7-მატჩიანი წაუგებელი სერია (4 მოგება, 3 ფრე) აქვს და 23 ქულით მე-12 ადგილზეა.

კრისტიან შტრეიხი თამაშის შემდეგ ბედნიერი იყო

ვიცე-ჩემპიონებს კი 31 ქულა რჩებათ და ლიდერ ბაიერნს, რომელსაც თამაში რეზერვში აქვს, 13 ქულით ჩამორჩებიან.

ჰოფენჰაიმი 1:4 ლევერკუზენი

31 ქულა აქვს ლევერკუზენის ბაიერსაც, რომელმაც სტუმრად ჰოფენჰაიმთან გაისეირნა. 

არადა, მასპინძლები ცდილობდნენ საკუთარი ფეხბურთი ეთამაშათ და არც შეტევაში გაუტარებიათ მეტოქეზე ნაკლები დრო, თუმცა, რეალიზაციის მხრივ ძალიან მოიკოჭლებდნენ. მეორეს მხრივ, იულიან ნაგელსმანს გუნდის დაცვაში აშკარად დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, თორემ ჰოფენჰაიმმა პირველი გოლი ისეთი გაუშვა, საბავშვო ლიგებშიც რომ იშვიათად ნახავთ. 

ჰაიკო ჰერლიხის გუნდი ლეონ ბეილის (43), იულიან ბაუმგარტლინგერისა (51) და ლუკას ალარიოს (70) გოლებით სამბურთიან უპირატესობას ფლობდა, როცა პრესტიჟის გოლი ადამ სალაიმ (86) შეაგდო. საბოლოო ანგარიში ალარიომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე დააფიქსირა და დუბლი გაიფორმა. 

სხვა მატჩები

შინ მოიგო და 31 ქულით ბაიერნის მდევრებშია მიონხენგლადბახის ბორუსიაც. დიტერ ჰეკინგის გუნდმა აუგსბურგს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ვოლფსბურგმა საკუთარ მოედანზე აინტრახთან წააგო (1:3), მაინცმა კი საკუთარ მოედანზე შტუტგარტი დაამარცხა (3:2).

კომენტარები

ბოლო ამბები