Thumbnail

პრო დ2 - ბურდულის კარკასონმა მძიმე ბრძოლაში მოიგო, კაიკაციშვილი დამარცხდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კაიკაციშვილის გუნდი ბაიონასთან დამარცხდა.
  • სუთიაშვილის ანგულემის გამარჯვება.
  • ქართველების დაპირისპირება ბურდულმა და ნაცარაშვილმა სეზონში მეხუთედ მოიგეს.
  • პერპინიანმა ორიაკი გაანადგურა.

ხუთშაბათს პრო დ2-ის მეოცე ტური დაიწყო. გახსნით მატჩში ბიარიცმა ბექა გიგაშვილის გრენობლს უმასპინძლა და მეტოქე 37:14 დაამარცხა. გიგაშვილის შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ამ მოგებით ბიარიცმა გრენობლთან სხვაობა 2-ქულამდე შეამცირა. ქართველი ლეგიონერის კლუბი 16-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხე ადგილს იკავებს.

პარასკევს პრო დ2-ში ექვსი მატჩი გაიმართა. შალვა სუთიაშვილის ანგულემმა ბეზიეს საკუთარ მოედანზე 32:8 მოუგო. სუთიაშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. შალვა 68-ე წუთზე ვიქტორ ლებასმა შეცვალა. ანგულემმა მეტოქეს 4 ლელო დაუდო და აქტივში პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ანგულემმა ერთი პოზიციით წინ წაიწია და 42-ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

ილია კაიკაციშვილის მასი საკუთარ მოედანზე ბაიონასთან დამარცხდა. სტუმრებმა პირველი ტაიმი 6-ქულიანი უპირატესობით, 3:9 მოიგეს. მეორე ტაიმი მასი მორაგბეებმა 11:10 მოიგეს და საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 14:19 დაფიქსირდა. ილია კაიკაციშვილი სათადარიგო სკამზე იყო. ქართველი მორაგბე შეხვედრაში 57-ე წუთზე ჩაერთო. მისი გუნდი ჩემპიონატში მე-13 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 8-ქულა აშორებს.

ელიზბარ ყუფარაძის დაქსიმ ბექა ბიწაძის ნარბონი გაანადგურა. შეხვედრაში ქართველ ლეგიონერებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დაქსის მორაგბეებმა მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი 6-ჯერ დაამიწეს. ნარბონმა საკუთარ მოედანზე გამართული მატჩი 13:41 წააგო და ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილს იკავებს. დაქსი ამ ტურამდე ნარბონს ერთი ქულითა და ერთი პოზიციით უსწრებდა. პოზიცია უცვლელია, გუნდებს შორის ქულათა სხვაობა კი ექვსამდე გაიზარდა.

გათამაშების ლიდერმა, მონტობანმა ნევერთან რთულ და დაძაბულ შეხვედრაში 16:18 იმარჯვა. წინა ტურში ბაიონასთან მარცხის შემდეგ, მონტობანის მორაგბეებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ეს მატჩი მოეგოთ და წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩი მოიგეს. მონტობანი პრო დ2-ს 68-ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარს, პერპინიანს 4-ქულით უსწრებს.

ვახტანგ მაისურაძის ვანი გიორგი ნაცარაშვილისა და მირიან ბურდულის კარკასონს შეხვდა და 12:13 დამარცხდა. კარკასონი გათამაშების ბოლოადგილოსანია და მისთვის თითოეულ მოგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ქართველი ლეგიონერებიდან შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ მირიან ბურდულმა მიიღო. ქართველი მორაგბე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრაში ერთადერთი ლელო კარკასონის მორაგბემ, სამოელმა სანალი ვავაე ტუილაგმა დადო. გადამწყვეტი აღმოჩნდა, ცვლილებაზე შემოსული ბოშის ჯარიმა, რომლითაც კარკასონმა მიმდინარე სეზონში მეხუთე გამარჯვება იზეიმა.


პერპინიანმა მერაბ შარიქაძის, გიორგი ცუცქირიძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილი ორიაკი საკუთარ მოედანზე 56:12 გაანადგურა. მასპინძლებმა ქართველების გუნდს 8-ლელო დაუდეს. ბორჯღალოსანთა კაპიტანს, მერაბ შარიქაძე სტუმართა რიგებში არ უთამაშია. ნიკოლოზ ხატიაშვილის სასტარტო შემადგენლობაში იყო, მას 29-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია, ქართველი მორაგბე მოედანზე კიდევ ერთხელ დაბრუნდა. ხატიაშვილმა 73-ე წუთზე ენტონი ალვესი შეცვალა. ორიაკი მეცხრე ადგილიდან მეთორემეტეზე ჩამოქვეითდა, მომდევნო ტურში შარიქაძის, ცუცქირიძისა და ხატიაშვილის კლუბი ბექა შეყლაშვილის კოლომიეს შეხვდება.

პრო დ2-ის მე-20 ტური კვირას დასრულდება, მონ დე მარსანისა და ბექა შეყლაშვილი კოლომიეს მატჩით.

კომენტარები

ბოლო ამბები