Thumbnail

SOSO GOOD: ნახტომი ფრისტაილიდან, რომელმაც სარაგბო მსოფლიო გადარია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა კანადა 54:22 დაამარცხა
  • სოსო მათიაშვილმა ნაკრებში ქულების რეკორდი დაამყარა ერთ მატჩში - 34 ქულა
  • მათიაშვილის ლელოს მსოფლიოს რაგბის ფეისბუქის გვერდზე მილიონამდე ნახვა აქვს 
  • The Telegraph-მა მათიაშვილი
  • 18 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მორიგ ტესტს უელსთან სტუმრად გამართავს

თბილისის აკადემიას 24 წლის უკანახაზელი სოსო მათიაშვილი თვალის დახამხამებაში მოექცა სარაგბო სამყაროს ყურადღების ცენტრში. მორაგბე, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში 18 წლის ასაკიდან სცადა ბედი (მანამდე სნოუბორდით იყო გატაცებული) კანადასთან 54:22 მოგებულ თამაშში ნამდვილი გმირობა ჩაიდინა. 

რეკორდული გაფრენა ნეკერჩხლის ფოთლებთან

მათიაშვილი “ბორჯღალოსნების” რიგებში სულ მეოთხედ თამაშობდა, სასტარტოში კი სულაც პირველად იყო ნაკრების ყველაზე გამოცდილი მოთამაშის, მერაბ კვირიკაშვილის პოზიციაზე. მათიაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა - 2 ლელო, 6 გარდასახვა და 4 საჯარიმო მიითვალა, რითაც ქულათა მარაგი 34-მდე დააგროვა.

მათიაშვილმა სწორედ “მეკოს” რეკორდი გააუმჯობესა, ერთ თამაშში 32 ქულა. სხვათა შორის, კვირიკაშვილმა მათიაშვილს მიღწევა გასახდელშივე მიულოცა. იგი არასოდეს იშურებდა რჩევებს ახალგაზრდა მორაგბისადმი და ამბობდა, რომ მისი სახით ძლიერი მემკვიდრე ეზრდება.

რეკორდი რეკორდად და საქვეყნოდ სახელი მას კანადასთან მეორე ლელომ გაუთქვა - მარცხენა ფრთაზე მათიაშვილმა თავადვე შეიგდო ფეხით ბურთი და არანორმალური ნახტომით მიუსწრო მას კანადელთა ლელოში. ეს იმდენად დაუჯერებელი ნახტომი იყო, რომ მსაჯი თავიდან ლელოს არ თვლიდა და მხოლოდ ვიდეორეფერიმ დააფიქსირა ის. 

მათიაშვილის ლელო სხვა რაკურსით

The Telegraph-მა ნოემბრის ტესტების პირველი კვირის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც სოსო მათიაშვილი ფულბეკის პოზიციაზე მოხვდა. 

Incredible Georgian try v Canada

Well. That was an INSANE finish from Georgia's Soso Matiashvili. 👏👏👏

Posted by World Rugby on კვირა, 12 ნოემბერი, 2017

„კანადის 54:22 დამარცხებაში იკითხება განაცხადი, რომ მილთონ ჰეიგის შეგირდები კარდიფში უელსის დამწუხრებას ეცდებიან. მათიაშვილმა 34 ქულა მოაგროვა და ნაციონალური რეკორდი დაამყარა. მისი მეორე ლელო სულაც გამაოგნებელი იყო, ხოლო 24 ქულა კარში დარტყმებით მოიპოვა“ - ვკითხულობთ ბრიტანული გამოცემის დახასიათებაში.

SOSO GOOD - ასე დაასათაურა მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა საიტმა ტესტების მატჩების მიმოხილვა. 

Planetrugby: “ის არასოდეს ნებდება. მათიაშვილი თავისივე დარტყმულ ბურთს მიჰყვა და ლელოს უკანა ხაზთან დააფრინდა. ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე. 

ზელანდიური ტელევიზიის საიტი tvnz.co.nz ამტკიცებს, რომ მათიაშვილის ლელო 2017 წლის საუკეთესო ლელოა.

მსოფლიო რაგბის ფეისბუქის გვერდზე თითქმის მილიონი ნახვა აქვს მათიაშვილის სასწაულებრივი ლელოს ვიდეოს. გთავაზობთ ძალიან საინტერესო კომენტარებს, რომელთაც ათასობით მოწონებები აქვს.

ბენ ლენგი: “ბილბორდი, რომელსაც მათიაშვილი შეასკდა, ყველაფერზე ნათლად მიუთითებს - ყოჩაღ ბიჭო!”

ანტონ ვააკა: “მიეცით ახლავე ამ ბიჭს წლის საუკეთესო ლელოს პრიზი”.

ჯოზეფ ჯო შარფი: “საოცარი ლელოა. საქართველო აშკარად იმაღლებს საკუთარ სტატუსს მსოფლიო რაგბიში”.

ბიორნ გელერტი: “საოცარია, როგორ ახერხებს საქართველოს ნაკრები ყოველ ახალ თამაშში უკეთ თამაშს. მათ უკვე 2016 წელს გამაკვირვეს, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ მათ მომავალ ტურნირში. მოკითხვა გერმანიიდან”.

ჯერემი ვკ: “ლელოებს ჰყავთ საოცარი მორაგბეები, მათ ექვს ერში თამაში ეკუთვნით”.

რაიან პრეტორიუსი: “რაოდენ სიმბოლურია, რომ ბოლოს იგი დაეჯახა ბანერს წარწერით committed to the game. ეს ნამდვილი ნიშანია”.
სეტ პრესკოტი: “საქართველო იმსახურებს უფრო დიდ ტურნირს. ეს იყო საოცრება, “არასოდეს დანებდეს” სტილში”.

ბრედ ელისი: “შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ ხომ არ ვნახეთ ჩვენ საუკეთესო ლელო რაგბის ისტორიაში? ყოველ შემთხვევაში 1973 წლის მერე”.

რის დევისი: “მათ მომდევნო კვირაში უელსის დამარცხებაც შეუძლიათ”.

მარტინ შეროკსი: “ერთ-ერთი საუკეთესო თავგანწირული სტილის ლელო რაგბის ისტორიაში”.

კომენტარები

ბოლო ამბები