Thumbnail

ვარსკვლავური ომები - სინათლის ხმლებით ბრძოლა საფრანგეთში სპორტად დარეგისტრირდა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • უკვე ყველას შეუძლია გახდეს იოდა, ლუკ სქაივოქერი ან თუნდაც დარტ ვეიდერი
  • ფარიკაობის ტრადიციულ სახეობებს სინათლის ხმლებით ბრძოლა დაემატა
  • ფედერაციას ამ ნაბიჯით სპორტში ახალგაზრდების ჩართვა სურს

'ვარსკვლავური ომების' ფანტაზიების განხორციელება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. საფრანგეთის ფარიკაობის ფედერაციამ სინათლის ხმლებით ორთაბრძოლა ოფიციალურად ცნო სპორტის სახეობად და ჯორჯ ლუკასის სამყაროში არსებულ იარაღს ისეთივე სტატუსი მიანიჭა, როგორიც ფლორეტს, დაშნას და ხმალს აქვთ.

სინათლის ხმლებით ორთაბრძოლა საკმაოდ სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, საფრანგეთის ფარიკაობის ფედერაცია ფარიკაობის კლუბებს სინათლის ხმლებითა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ინსტრუქტორებით ამარაგებს. ვირტუოზი ჯედაების მსგავსად, ფრანგი მოფარიკავეებიც 'ბნელ მხარეს', ანუ 21-ე საუკუნეში გამეფებულ მჯდომარე ცხოვრების წესს ებრძვიან.

'ახალგაზრდა ადამიანების ცხოვრების წესი უკვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. ისინი სპორტით არ ინტერესდებიან. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ფარიკაობას და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის ბმა შევქმნათ და სპორტში ახალგაზრდები ჩავრთოთ', - ამბობს საფრანგეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი სერჟ ობალი.

თუკი წარსულში ფარიკაობის სამყაროსკენ ახალგაზრდებს ზორო, რობინ ჰუდი და სამი მუშკეტერი იზიდავდნენ, ახლა ამ ფუნქციას ლუკ სქაივოქერი, ობი-ვან კენობი და დარტ ვეიდერი შეასრულებენ.

ობალი სპორტის წარმატებას და პოპულარობას პოპ-კულტურას უკავშირებს -

'ხმალაობასთან დაკავშირებულ ფილმებს ყოველთვის დიდი კავშირი ჰქონდა ჩვენს ფედერაციასთან და ფარიკაობის პოპულარობის ზრდასთან. ზუსტად ასეთივე გავლენის მოხდენა შეუძლია სინათლის ხმლებსაც.'

საინტერესოა წესებიც - სპორტსმენები სპეციალურად დახაზულ წრეში იბრძვიან. თავში და ტანში მიყენებული დარტყმები ხუთი ქულაა, მკლავებსა და ფეხებში - სამი, ხოლო ხელის მტევნებზე შეხება კი მხოლოდ ერთი. გამარჯვებულია ის, ვინც პირველი მოიპოვებს 15 ქულას. თუკი ორივე მებრძოლი ათ ქულას აიღებს, ამ დროს გამარჯვებული ის გახდება, ვინც მეტოქეს თავში, ან ტანში პირველი მიაყენებს დარტყმას.

სპორტის ახალი სახეობით ჯერჯერობით მხოლოდ ასობით ადამიანია დაკავებული და იმის შანსი, რომ სინათლის ხმლებით ორთაბრძოლას ოლიმპიადაზე ვიხილავთ, ამ ეტაპზე მინიმალურია. მიუხედავად ამისა, იარაღების ყველასთვის კარგად ნაცნობმა ხმაურმა, შესაძლოა ბევრად მეტი ადამიანი მიიზიდოს და მომავალში რა მოხდება, არავინ იცის..

როგორც იოდა იტყოდა - "გააკეთე ან არ გააკეთო. მცდელობა არ არსებობს."

კომენტარები

ბოლო ამბები