Thumbnail

ფიფამ ჩელსი დასაჯა - კლუბისთვის მომდევნო სატრანსფერო ფანჯრები უკვე დახურულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფიფამ ლონდონელთა სატრანსფერო საქმიანობა შეისწავლა და დარღვევები გამოავლინა
  • ჩელსი ახალ ფეხბურთელს 2019/20 წლების სეზონის დასრულებამდე ვერ გაიფორმებს

ფიფამ ლონდონის ჩელსის სანქციები დააკისრა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ კლუბის სატრანსფერო საქმიანობა გამოიკვლია და შედეგად, მისი დასჯა გადაწყვიტა.

როგორც ირკვევა, დარღვევები ლონდონურმა კლუბის განხორციელებულ, სხვადასხვა ასაკის 29 ფეხბურთელის ტრანსფერში გამოვლინდა. შედეგად, ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა ინგლისური კლუბს ტრანსფერები აუკრძალა - უახლოესი ორი ფანჯრის პერიოდში (2019 წლის ზაფხულსა და 2020 წლის ზამთარში) ლონდონელებს ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლება არ ექნებათ.

ლონდონის ჩელსი შემადგენლობის გაძლიერებას მხოლოდ 2019/20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მოახერხებს.

აკრძალვა გავრცელდება ლონდონური კლუბის ყველა გუნდზე, გარდა ქალთა და ფუტსალის გუნდებისა. ამავდროულად, ჩელსის მოთამაშის გაყიდვაზე შეზღუდვა არ ექნება.

ინგლისურ კლუბს, რომელსაც ჯარიმის სახით დაახლოებით 460 ათასი ფუნტის გადახდაც დაეკისრება, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ჯერ ფიფას სააპელაციო კომიტეტში, შემდეგ კი სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში აქვს. 

ლონდონის ჩელსი პირველი კლუბი არაა, რომელსაც ფიფა სჯის. მანამდე მსგავსი სანქციები ბარსელონასა და მადრიდის ატლეტიკოსაც დაეკისრათ. ამ მიზეზით გუნდების ახალწვეულებს, შესაბამისად, არდა თურანსა და დიეგო კოშტას დებიუტამდე კარგა ხნით მოცდა დასჭირდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები