Thumbnail
  • ქართულ ჭიდაობაში სკანდალი გრძელდება
  • რუსთავი 2-მა ფარული აუდიო ჩანაწერი გაასაჯაროვა

ქართულ ჭიდაობაში სკანდალი გრძელდება. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა მოიპოვა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის დახურული სხდომის აუდიო ჩანაწერი, სადაც საქმე გეგა გეგეშიძის და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირებას ეხება.

სხდომაზე სპორტისა და განათლების მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ითხოვს სპორტსმენის, დათუნაშვილის დისკვალიფიკაციას. გოგოლაძის თქმით, მან საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ დაიწყო კონფრონტაცია სპორტის სასახლეში: "ზურაბ დათუნაშვილის და რობერტ კობლიაშვილის ფინალური მატჩის დასრულებამდე 15 წამი რჩებოდა, როდესაც სპორტსმენმა დაინახა, რომ სხვა შანსი აღარ ჰქონდა და გააკეთა ის, რაც ყველამ ვნახეთ."

გოგოლაძის თქმით, მეორე დღეს შეხვდა ფედერაციის წარმომადგენლებს და სთხოვა მათ, რომ სპორტსმენისთვის დისკვალიფიკაცია მიეცათ. გოგოლაძემ დაამატა, რომ თუ გეგა გეგეშიძემ რამე გადაამეტა, ეთიკის კომისია ამაზეც იმსჯელებდა, მაგრამ რეალურად ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ ჭრილში არ გადაზრდილიყო.

აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი ესწრებოდა, რომელმაც თავდაპირველად უარყო გოგოლაძის ასეთი განცხადება, თუმცა მას შემდეგ, რაც გაცხადდა აუდიოჩანაწერის შესახებ, განმარტა რომ შესაძლოა ეს საუბარი უბრალოდ ვერ გაიგო. ამ თემაზე კომენტარი თავად ზურაბ დათუნაშვილმაც გააკეთა. მოჭიდავის თქმით, გაოგნებულია ჩანაწერის შინაარსით, რადგან თურმე ის ხალხი ითხოვს მის დისკვალიფიკაციას, ვისი იმედიც ჰქონდა.

📺 რუსთავი 2-ის სიუჟეტი ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით

ზურაბ დათუნაშვილი სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ

შეგახსენებთ, რომ 2019 წელი ქართული ჭიდაობისთვის სკანდალურად დაიწყო. 10-13 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველო ჩემპიონატი ჭიდაობაში. 11 იანვარს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 87 კგ. წონითი კატეგორიის ფინალი მიმდინარეობდა, როდესაც ინციდენტი მოხდა. ფონალური ორთაბრძოლის მონაწილე ზურაბ დათუნაშვილმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის შემდეგაც ვითარება დაიძაბა და საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე იყო, რომელიც პირადად დაუპირისპირდა ზურაბ დათუნაშვილს.

19 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური კადრები, სადაც გეგა გეგეშიძის და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირებაა ასახული. კადრებში კარგად ჩანს ფედერაციის პრეზიდენტს და ნაკრების კაპიტანს შორის მომხდარი ინციდენტი. კადრების გავრცელების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რასაც გეგა გეგეშიძის დაპატიმრება და შემდეგ, გირაოს წესით გათავისუფლება მოჰყვა. ამასთან, გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად დატოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები