Thumbnail

ოჯახი ფიქრობს, რომ სალა მოკლეს: ‘ძალიან ბევრი ინტერესი გადაიკვეთა’ 

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ემილიანო სალას დაკრძალვის შემდეგ, ფეხბურთელის ნათესავები ეჭვს გამოთქვამენ
  • მათი აზრით, შესაძლოა, ეს უბედური შემთხვევა არ იყო

კარდიფის ფეხბურთელი ემილიანო სალა შაბათს, მშობლიურ პროგრესოში (არგენტინა) დაკრძალეს. 28 წლის თავდამსხმელი, რომლის თვითმფრინავი 21 იანვარს ჩამოვარდა, უკანასკნელ გზაზე ასობით ადამიანმა და მისმა ერთგულმა ძაღლმა გააცილა. ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც სალას შავი ლაბრადორი ‘ნალა’ ჩანს. ძაღლი საფეხბურთო კლუბ სან მარტინის დარბაზის შესასვლელთან ზის - სალას ცხედარი სწორედ იქ იყო დასვენებული.

ორი კვირით ადრე, სანამ ემილიანოს ცხედარს აღმოაჩენდნენ, სალას დამ, რომანიამ ფეისბუქზე ‘ნალას’ სხვა ფოტო გამოაქვეყნა - წარწერით: ‘ნალა გელოდება’.

ემილიანო სალა 2015 წლიდან ფრანგულ ნანტში თამაშობდა და სწორედ მაშინ შეიძინა ლაბრადორი, რომელიც კარდიფშიც უნდა წაეყვანა.

სალას ბიძაშვილი ფიქრობს, რომ ემილიანო მოკლეს

დაკრძალვის შემდეგ, ემილიანოს ბიძაშვილმა მარტინ გატიმ პრესასთან კომენტარი გააკეთა. მან ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უბედური შემთხვევის არ სჯერა.

“მე ვფიქრობ, რომ ემილიანო მოკლეს. ძალიან ბევრი ინტერესი გადაიკვეთა, მის ტრანსფერში საქმე დიდ ფულს ეხებოდა. როცა დიდ ფულზეა ლაპარაკი, ვიღაცები ჩნდებიან და მათ ადამიანის სიცოცხლე არ ადარდებთ,” - ამბობს გატი.

მისი თქმით, სალას ოჯახსაც სწორედ ასეთი ეჭვი აქვს. “ემილიანო აგენტის გარეშე, საშინელ ამინდში ჩასვეს სასაცილო თვითმფრინავში და ასე გაუშვეს უელსში. ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ეჭვი გამიჩნდეს. თანაც, დაკრძალვაზე მისი არცერთი წარმომადგენელი არ მოსულა.”

კომენტარები

ბოლო ამბები