Thumbnail

ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი უკლუბოდ - ნავალოვსკი მინსკიდან წამოვიდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გიორგიმ და მინსკის დინამომ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტეს
  • ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 32 წლის ფეხბურთელი

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი დარჩა უკლუბოდ. 32 წლის მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი მინსკის დინამოს დაემშვიდობა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს, რომლის ცნობით, გიორგიმ და დინამომ ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტეს.

ტრადიციულად, კლუბმა მადლობა გადაუხადა ქართველ ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის და კარიერაში შემდგომი წარმატებები უსურვა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ქართველი მცველი კარიერას.

გიორგი მ მინსკის დინამოში ბელარუსის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა 

გიორგი ნავალოვსკიმ მინსკის კლუბთან კონტრაქტი შარშან ზაფხულში გააფორმა, ოფიციალური დებიუტი კი ამ გუნდში ბელარუსის თასის 1/16-ფინალში ჰქონდა. ენერგეტიკთან მოგებულ შეხვედრაში (7:0) გიორგიმ საგოლე პასი მიითვალა. ნავალოვსკიმ მინსკის დინამოს მაისურით ყველა ტურნირში (ბელარუსის ჩემპიონატსა და თასზე, ასევე ევროპალიგის საკვალიფიკაციოში) ჯამში 11 მატჩში ითამაშა და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

გიორგი ნავალოვსკიმ პროფესიული კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო, სამშობლოში კი რუსთავის ოლიმპიკსა და გორის დილაში უთამაშია. მცველმა კარიერის დიდი ნაწილი რუსეთში გაატარა, სადაც ანჟის, ვოლგას, ხიმკის, მეტალურგის (ნოვოკუზნეცკი), სკა ენერგიას, ტოსნოს და სკა ხაბაროვსკის ღირსებას იცავდა. გიორგიმ ასევე ითამაშა ბერძნულ ვერიაში და ბაქოს კლუბებში: ინტერსა და ნეფთჩიში.

32 წლის მარცხენა მცველი ვაისის გუნდში შეტევებში აქტიურად ერთვება 

გიორგი ნავალოვსკი საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან იცავს, მის ანგარიშზე გუნდში ჩატარებული 35 მატჩი და ერთი საგოლე პასია.

შეგახსენებთ, რომ აქამდე უკლუბოდაა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი - თორნიკე ოქრიაშვილი, რომელთანაც რუსულმა კრასნოდარმა ხელშეკრულება გასული წლის ბოლოს, ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები