Thumbnail

სულ რამდენიმე დღეში NBA-ს ოლ სტარზე პლანეტის უპირველესი კალათბურთელები შეიკრიბებიან - განსხვავებული ასაკის, სხვადასხვა გუნდებიდან და ქალაქებიდან, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ - თითოეული მათგანისთვის მაიკლ ჯორდანი და მისი ჩიკაგო ის ფენომენია, რომელიც საკალათბურთო იდეალთან ყველაზე ახლოსაა.

ჩიკაგოს ლეგენდა

ჯორდანის ჩიკაგომ გავლენა მთელს შემდეგდროინდელ საკალათბურთო სამყაროზე იქონია - MJ-სთან ერთად კალათბურთის პოპულარობა მთელს პლანეტაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ ჯორდანს და ჩიკაგოს უკავშირდება ის რამდენიმე მომენტი, რომელიც დღეს საკალათბურთო ლეგენდის, საკალათბურთო მითოლოგიის ნაწილია - 6 ჩემპიონობა, წაუგებელი ფინალები, 72-მოგებიანი სეზონი (მიღწევა, რომელიც მხოლოდ გოლდენ სტეიტმა მოხსნა 73 გამარჯვებით 2016 წელს), მოწამლული და სიცხიანი ჯორდანის ეპიკური თამაში იუტასთან (ე.წ. ‘flu game’) და ბოლოს კალათბურთის ყველაზე ცნობილი სროლა, ე.წ. ‘Shot’, როცა ჯორდანი დაუმარცხებელი აღმოჩნდა მაშინაც კი, როცა ყველას წაგებული ეგონა. 

ჯორდანის ფინალური სროლა

თითქმის არავინ დავობს, რომ MJ ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია, მისი ჩიკაგო კი - საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. რა იყო ჯორდანის ფენომენი, რატომ იგებდა ჩიკაგო?

როგორ თამაშობდა ჩიკაგო?

ჯორდანის ჩიკაგოსა და მის 6-წლიან დომინაციაზე კალათბურთიდან შორს მდგარ გულშემატკივარს შეიძლება გოლდენ სტეიტი გაახსენდეს. ჩიკაგო სრულიად განსხვავებული გუნდი იყო - აქცენტს უპირველეს ყოვლისა დაცვაზე აკეთებდა. გუნდში იყვნენ და პიპენი და ჯორდანი - ორი მოთამაშე, რომლებიც NBA-ს საუკეთესო მცველების რიცხვში შედიოდნენ. როდმანის გუნდში მოსვლასთან ერთად, ბულსი ერთადერთი გუნდი გახდა ისტორიაში, რომელსაც ლიგის საუკეთესო მცველების ხუთეულში ერთდროულად სამი მოთამაშე ჰყავდა.

ამ სამეულის გარდა, ჩიკაგო, იმ წლების გუნდების უმრავლესობისგან განსხვავებით, არ უტევდა ცენტრის, ან მძიმე ფორვარდის მეშვეობით. ჩიკაგოს ცენტრი (კარტრაიტი, ლონგლი) მხოლოდ დაცვაზე იყო ორიენტირებული. ჩიკაგო განსხვავებული გუნდი იყო იმითაც, რომ არ აწყობდა თამაშს თავისი გამთამაშებლის მიხედვით. ბურთი ძალიან ხშირად სკოტი პიპენს, ან ჯორდანს მოჰქონდათ და არა ნომინალურ გამთამაშებელს, პაქსონს ან ჰარპერს.

შეტევაში გუნდი მხოლოდ პიპენის, ან უპირველეს ყოვლისა, ჯორდანის იმედად იყო. ჩიკაგოს შეტევის ორი ძირითადი საშუალება ჰქონდა - აგრესიული დაცვა, ბურთის ჩაჭრა, ან მოპარვა და ჯორდანისა და პიპენის სისწრაფის ხარჯზე, მეტოქის ღია კორტზე შეტევა და იოლი ორი ქულა.

ჩაჭრა და სწრაფი შეტევა

მეორე ვარიანტი ტემპის დაგდება და ჯორდანის (ან, ხანდახან პიპენის) იზოლაციით შეტევა (ე.წ. ‘სამკუთხა თავდასხმას’ ქვემოთ განვიხილავთ) იყო. მაიკლ ჯორდანი იმ კალათბურთს თამაშობდა, რომელსაც დღეს იშვიათად ნახავთ, ე.წ. Hero Ball - გმირულ კალათბურთს, როდესაც გუნდის სუპერვარსკვლავი მარტო უტევს მეტოქის მთელ დაცვას.

ჯორდანის იზოლაცია - მეტოქე მთელი გუნდით სამწამიანს იცავს

ჩიკაგო დაცვითი გუნდი იყო - იუტასთან 1998 წლის ფინალში, ექვსივე შეხვედრაში არცერთი გუნდი არ გადაცილებულა 100 ქულას, ჩიკაგომ კი მხოლოდ ორჯერ ჩააგდო 90 ქულაზე მეტი.

ამასთან ერთად, ჩიკაგოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეტევა ჰქონდა - მაღალი პროცენტით უტევდა. ეს პარადოქსი იმით იხსნება, რომ ჩიკაგო პოზიციური შეტევის დროს ძალიან ნელა თამაშობდა, დაბალ სისწრაფეზე - ჯორდანის იზოლაციებს ბევრი დრო მიჰქონდა. თუკი დღეს საშუალოდ თამაშში 100 პოზიციის ქონა ნორმად ითვლება, ჩიკაგო იმ წლებში 90 პოზიციის ფარგლებში ტრიალებდა და მუდამ ჩამორჩებოდა ლიგის საშუალო სტანდარტს.

ჩიკაგო ნელა უტევდა და ცოტა შეტევა ჰქონდა თამაშში

წლიდან წლამდე ჩიკაგო უფრო და უფრო ნელი ხდებოდა, გუნდი თამაშში ნაკლებ პოზიციას ასწრებდა. ამის მიუხედავად, ბულსის შეტევები ეფექტური იყო, გუნდი კარგად იცავდა თავს. თუკი ჩიკაგოს ეფექტურობას თანამედროვე სტანდარტით შევხედავთ და მას 100 პოზიციაზე გავამრავლებთ, ვნახავთ, რომ ფილ ჯექსონის გუნდი ძალიან კარგად ყრიდა.

ფრჩხილებში მიწერილია ადგილი ჩაყრილი / მიღებული ქულების მიხედვით 

სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ ჩიკაგო ეფექტიანობის მიხედვით სტაბილურად ლიგის საუკეთესო გუნდებს შორის იყო, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში და თანამედროვე სტანდარტითაც კი ძალიან ბევრს ყრიდა და კარგად იცავდა თავს, მისი დაბალი შედეგიანობა კი თამაშის ნელი ტემპით არის განპირობებული.

მითები ჯორდანის შესახებ

მაიკლ ჯორდანის სახელი ყველამ იცის, მათ შორის იმ ხალხმაც, კალათბურთს საერთოდ რომ არ უყურებენ, თუმცა ძალიან ცოტა თუ გიპასუხებთ, რატომ იყო 90-იანების ჩიკაგო დაუმარცხებელი გუნდი. კალათბურთიდან შორს მდგომი ადამიანები ამ კითხვაზე, ჩვეულებრივ, ორი მითით პასუხობენ.

1. ჯორდანი იმდენად მაგარი იყო, რომ ყველას მარტო უგებდა

ნებისმიერ გუნდურ სპორტში მარტო მოგება, თუნდაც უდიადესი სპორტსმენებისთვის, შეუძლებელი ამოცანაა. ამაში ცოტაოდენი სტატისტიკაც გვარწმუნებს. ჯორდანი ჩიკაგომ 1984 წელს დრაფტზე მესამე ნომრად აირჩია.

შენიშვნა: პირველი ნომერი ლეგენდარული ჰაკიმ ოლაჯუონი იყო, მეორე ნომრად კი - პორტლენდმა სემ ბოუვი აირჩია, საშუალოზე ცუდი კალათბურთელი და ეს ფაქტი დღემდეა NBA-ში ანეკდოტების თემა.

ჯორდანი არ იყო იმ მოთამაშის შემთხვევა, რომელიც შედარებით გვიან გაიხსნა. კარიერის დასაწყისშივე იგი ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა რიცხვში შედიოდა. NBA-ში არავის შეპარვია ეჭვი, რომ მაიკლთან ერთად ლიგაში ფენომენი გამოჩნდა.

მისი გზა კალათბურთში უფრო ლებრონის გზაა, რომელიც ლიგაში უკვე ვარსკვლავის სტატუსით მოვიდა, ვიდრე, მაგალითად, კობი ბრაიანტის (ან თუნდაც სტეფ კარის), რომელიც შემდეგ წლებში პროგრესის მეშვეობით იქცა ვარსკვლავად.

ამის მიუხედავად, ჯორდანი NBA-ში თავის პირველ 7 სეზონში ფინალშიც კი არ ყოფილა და 30 წელს ისე მიუახლოვდა, რომ თავისი 6 ჩემპიონობიდან არცერთი არ ჰქონდა მოგებული.

პირველივე სეზონში ჯორდანი მესამე იყო ლიგაში ჩაგდებული ქულების მიხედვით, დაამყარა თავისი გუნდის რეკორდი, გაიყვანა ჩიკაგო პლეი ოფში და მილუოკისთან 0-4 დამარცხდა პირველივე წრეში.

მეორე და მესამე სეზონში ბულსი პირველივე წრეში ლარი ბერდის ლეგენდარულ ბოსტონ სელტიკსს ხვდებოდა და ისე აგებდა, რომ ერთი თამაშიც კი არ მოუგია. მათ ვერც ის შველოდათ, რომ მაგალითად, 1986 წელს მაიკლმა ბოსტონს პლეი ოფისთვის დღემდე სარეკორდო 63 ქულა ჩაუგდო. შემდეგ სეზონში თამაშში საშუალოდ 37.1 ქულით ჯორდანი ლიგას ჩაგდებული ქულების მიხედვით ლიდერობდა.

შემდეგ სეზონებში ზედიზედ სამჯერ ჯორდანის ჩიკაგოს აიზია ტომასის დეტროიტმა მოუგო, მათ შორის ორჯერ კონფერენციის ფინალში. ამ წლებში ჯორდანი ლიგის საუკეთესო მოთამაშე იყო, მუდმივად თამაშობდა ოლ სტარს და ზედიზედ 4 სეზონი ლიდერობდა NBA-ს ჩაგდებული ქულების მიხედვით. ჯორდანის ფენომენალური თამაშის მიუხედავად, შედეგი არ ჩანდა - პირველი მითი, რომ მაიკლი უბრალოდ ყველას უგებდა, არასწორია.

2. მისი ჩიკაგო ლიგის ყველაზე ვარსკვლავური გუნდი იყო

ჯორდანს არასოდეს ჰყოლია შემადგენლობით ისეთი დომინანტური გუნდი, როგორც მაგალითად ლარი ბერდის ბოსტონი, შაკის და კობის ლეიკერსი, ან დღევანდელი გოლდენ სტეიტია. ამაში ჩიკაგოს შემადგენლობაც გვარწმუნებს. საჩემპიონო წლებშიც კი ჩიკაგოს ყველაზე ძლიერი შემადგენლობა არ ჰყავდა.

წლების მანძილზე მას გუნდში მხოლოდ ერთი სტაბილური ოლ სტარი - სკოტი პიპენი ჰყავდა. გავრცელებული მოსაზრება, რომ ჩიკაგო სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებული, თანამედროვე გოლდენ სტეიტის ტიპის გუნდი იყო, არასწორია. ჯორდანის და პიპენის გარდა, კალათბურთის ნაკლებად აქტიურ გულშემატკივარს მხოლოდ დენის როდმანის სახელი ეცნობა - ისიც ლიგის ერთ-ერთის საუკეთესო მცველი და რებაუნდერი იყო, შეტევაში გუნდს ბევრი ვერაფრით ეხმარებოდა და გულშემატკივარს თავს უფრო ექსტრავაგანტური ქცევით ამახსოვრებდა.

რა იყო Jordan Rules? ჯორდანის პრობლემა

წლების განმავლობაში, ჯორდანის ჩიკაგოს ყველაზე პრინციპული მეტოქე დეტროიტ პისტონსი იყო. ისინი ზედიზედ 4 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. დეტროიტელი 'ცუდი ბიჭები' (Bad Boys) თავისი გუნდური თამაშით, აგრესიული დაცვით, სიხისტითა და ხულიგნური ქცევით გამოირჩეოდნენ. დეტროიტში ლიგის საუკეთესო ჩამყრელის, მაიკლ ჯორდანის წინააღმდეგ სპეციალური დაცვის სისტემა ჰქონდათ, რომელსაც ‘ჯორდანის წესები - Jordan Rules’ ეწოდა.

ამ წლებში მაიკლი ყველაზე მეტს და ყველაზე მაგრად სამწამიანში შესვლებიდან ყრიდა. დეტროიტის სისტემა ჯორდანზე ერთდროულად ორი კაცით თამაშს და სამწამიანის მაქსიმალურ გადატვირთვას გულისხმობდა. ჯორდანს სამწამიანში ერთდროულად რამდენიმე კაცი ელოდებოდა, მათ შორის, ბილი ლამბირი - უხეშობით და აგრესიული განთქმული დეტროიტის ცენტრი. მის წინააღმდეგ თამაშობდა ჯო დუმარსი და შემდეგში ჯორდანის თანაგუნდელი დენის როდმანი - ლიგის საუკეთესო მცველები. ჯორდანის სრულად შეჩერება შეუძლებელი იყო, თუმცა დეტროიტი ახერხებდა, რომ მაიკლს თითოეული ქულისთვის ბრძოლა და ბევრი ენერგიის დახარჯვა უწევდა.

იმ წლებში წესები თანამედროვე კალათბურთისგან ძალიან განსხვავდებოდა - ბევრად უფრო მეტი ფიზიკური კონტაქტი და ბრძოლა იყო დაშვებული.

დეტროიტის ტაქტიკა ჯორდანზე ორი კაცით თამაშს გულისხმობდა (ჩვეულებრივ, დუმარსი და როდმანი) და ცდილობდნენ ჯორდანი ეიძულებინათ პასი თანაგუნდელზე მიეცა. ამ ორი მოთამაშის გარდა, დანარჩენები სამწამიანს ამაგრებდნენ და ჯორდანს მათი უხეშობის და მუდმივი ფიზიკური კონტაქტის გამო ქულების ჩაყრა ბევრ ფიზიკურ ენერგიად უჯდებოდა.

ჯორდანის საყვარელი შეტევა სამწამიანში შესვლა იყო. ის თითქმის სულ მარტო უტევდა, ე.წ. იზოლაციით - თავისი პირველი 9 სეზონის მანძილზე მაიკლს 18 298 შეტევითი პოზიცია დაუგროვდა - მასზე მეტი მხოლოდ ორ ნომინალურ ცენტრს უილტ ჩემბერლენს და ელვინ ჰეიესს ჰქონდათ. ნომინალური ცენტრებისგან განსხვავებით, მაიკლი 198 სანტიმეტრის სიმაღლე იყო, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თავისი შესვლების დროს მას მუდამ უწევდა თავისზე მაღალ და მძიმე მოთამაშეებთან გამკლავება.

ჩემბერლენის, ან ჰეიესისგან განსხავებით, რომელთაც როგორც ცენტრებს, ჩვეულებრივ, ბურთს სამწამიანში აძლევდნენ, ჯორდანს შეტევის დაწყება ფარიდან რამდენიმე მეტრის მოშორებიდან უწევდა. იმ პერიოდში თითქმის ყველა გუნდს ჰყავდა დიდი და აგრესიული ცენტრები - მაგალითისთვის, პატრიკ იუინგი, 'ადმირალ’ რობინსონი და ბილი ლამბირიც გამოდგებიან. ამ დროს სამი წამის წესი ჯერ კიდევ არ არსებობდა და ეს ცენტრები ჯორდანს მშვიდად ელოდნენ სამწამიანში. ჯორდანს სტაბილურად უწევდა თავისზე დიდ მოთამაშეებთან ბრძოლა ბურთის ჩასაგდებად. ჯორდანი მაინც ყრიდა, თუმცა ამისთვის დიდი ფასის გადახდა უწევდა - ამ ტიპის თამაშით ჩემპიონობა შეუძლებელი იყო.

წაიკითხე | კობის თამაში - კალათბურთი, როგორც ფილოსოფია

ცვლილებები ჯორდანის თამაშში

ჯორდანის და ჩიკაგოს თამაში 1989-1990 წლებიდან იცვლება. ჩიკაგოს შემტევი თამაში კვლავ იზოლაციებზეა აწყობილი, თუმცა თავად ჯორდანი ცვლის საკუთარი შეტევის აქცენტებს. იგი კვლავ უტევს სამწამიანში შესვლების შედეგად, მაგრამ ამ კომპონენტს ამატებს საშუალო დისტანციიდან სროლას. ეს სროლა თანამედროვე კალათბურთში არაეფექტურად მიიჩნევა, თუმცა ჯორდანს ეს ელემენტი ხელოვნების დონეზე ჰქონდა აყვანილი.

მის თამაშს ემატება ე.წ. ‘პოსტ-აპი’ მოწინააღმდეგის ფარისკენ ზურგით თამაში. იგი ამ ელემენტის გამოყენებას სულ უფრო და უფრო ხშირად იწყებს - ზურგით მეტოქის მცველისა და ფარისკენ, მოტრიალება, ნაბიჯი უკან ან გვერდზე და საშუალო სროლა (ე.წ. fadeaway jump shot). სროლის დისტანცია ჩვეულებრივ 3-დან 5 მეტრამდე მანძილი - ეს იყო მისი საყვარელი დისტანცია.

ჯორდანის თამაში უფრო მარტივი და ეფექტური გახდა - მან უფრო იოლი ქულების აღება დაიწყო. ბურთის კალათში გასაგზავნად მას აღარ უწევდა სამწამანში შესვლა და იქ რამდენიმე მეტოქესთან ბრძოლა. ამ სათამაშო ელემენტებმა მაიკლის თამაში უფრო მრავალფეროვანი გახადა - მოწინააღმდეგის მცველებმა აღარ იცოდნენ იგი შეუტევდა სამწამიანს თუ სროლას საშუალო დისტანციიდან ამჯობინებდა.

სროლაზე აქცენტის გაკეთებასთან ერთად იმატებს სამქულიანი სროლების რაოდენობა. მაიკლი კარიერული 32.7 % ისროდა პერიმეტრიდან, რაც თანამედროვე კალათბურთში საშუალო შედეგია, იმ დროს კი, როცა სამქულიანებს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდათ, კარგ შედეგად მიიჩნეოდა.

შენიშვნა: სტატიაში გამოყენებული სტატისტიკა არ ითვალისწინებს ჯორდანის წლებს ვაშინგტონში და მის დაბრუნებას ბეისბოლიდან და არასრულ სეზონს (18 თამაში) 1994-1995 წლების სეზონში. ეს მონაცემები ობიექტურად არ ასახავს ჯორდანის თამაშს.

თავისი კარიერის მეორე ეტაპამდე ჯორდანი თამაშში საშუალოდ სამიანს ერთხელაც კი არ ისროდა,  5 სამქულიანიდან მხოლოდ ერთს აგდებდა. კარიერის მეორე ეტაპზე სამიანი მაიკლის საყვარელი სროლა კვლავ არ არის, თუმცა იგი თამაშში რამდენჯერმე მაინც ისვრის პერიმეტრიდან. ეს მეტოქის დაცვას საქმეს კიდევ უფრო ურთულებს - ამ ელემენტებმა მისი თამაში კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა.

თამაშში ცვლილებების შედეგად იკლო ნასროლი ჯარიმების რაოდენობამ. როგორც აღვნიშნეთ, ჯორდანი უფრო იშვიათად შედიოდა სამწამიანში, ნაკლებ აქცენტს აკეთებდა ფიზიკურ თამაშზე და კონტაქტზე და ამან ჯარიმების რაოდენობაც ბუნებრივად შეამცირა. მაიკლი ისე გადაეწყო, რომ მასზე დაჯარიმება უფრო რთული გახდა. 1989 წლამდე ჯორდანზე საშუალოდ 9.45-ჯერ ჯარიმდებოდნენ და ჯორდანი საშუალოდ თამაშში 10 ჯარიმას სტაბილურად ესროდა (მაგალითად, 11.9 ჯარიმა 1986/87 წლების სეზონში), მისი კარიერის მეორე ეტაპზე სეზონში 8 ჯარიმას აღარ გადაცილებულა (7.85 ჯარიმა თამაშში).

ცვლილებამ ორქულიანი დისტანციიდან მისი სროლის პროცენტი შეამცირა. შესაბამისად ჯორდანი თავის საჩემპიონო წლებში უფრო ნაკლები პროცენტით ისროდა, ვიდრე იმ წლებში, როდესაც მისი ჩიკაგო ბოსტონთან და დეტროიტთან ვარდებოდა. საშუალო მანძილიდან სროლების დაწყებასთან ერთად სროლის პროცენტი ბუნებრივად შემცირდა - სროლა უფრო გრძელი მანძილიდან უფრო რთულია, ვიდრე სამწამიანიდან.

სტატისტიკა მხოლოდ ერთს გვაჩვენებს - ჯორდანის თამაში უფრო ნაკლებად ხდება ათლეტიზმსა და ფიზიკურ მომზადებაზე დამოკიდებული, რაც მის ასაკში შესვლასთან ერთად ბუნებრივია, და იგი უფრო მეტად ისვრის დისტანციიდან, შედარებით, დაბალპროცენტიან სროლებს. ჯორდანმა თავისი ბოლო სამი ჩემპიონობა 32, 33 და 34 წლის ასაკში მოიგო, მარტო მიჰყავდა თავისი გუნდის თამაში და წლიდან წლამდე რჩებოდა ლიგის საუკეთესი ჩამყრელად - 30-დან 35 წლამდე მაიკლი თამაშში საშუალოდ 29.4 ქულას ყრიდა. მაგალითად, კობისაც კი, ამ ასაკში თამაშში 27.2 ქულა ჰქონდა თამაშში. თამაშში ცვლილებების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.

უკვე შემდეგ წლებში ჩიკაგო რამდენჯერმე შეხვდა ათლეტურ და ხისტად მოთამაშე ნიუ იორკ ნიქსს. პატ რაილის გუნდი ცდილობდა ჯორდანთან დეტროიტის სტილში, აგრესიულად, ეთამაშა და სამწამიანი გადაეკეტა, თუმცა ეს ტაქტიკა ეფექტური უკვე აღარ იყო.

თუ შევადარებთ ჯორდანის და კობის, ორი ყველაზე დიდი ინდივიდუალისტის სტატისტიკას, შევამჩნევთ, რომ მაიკლი მნიშვნელოვნად უფრო მეტს ყრიდა და თანაც იმ ეპოქაში, როცა, ზოგადად, კალათბურთი უფრო დაცვითი იყო და გუნდები დაბალშედეგიან კალათბურთს თამაშობდნენ და უტევდა უფრო ეფექტურად, უფრო მაღალი პროცენტით.

ფილ ჯექსონის ფაქტორი და ფსიქოპათი ჯორდანი

სტატიაში ჯორდანის კარიერაში მეორე ეტაპის დასაწყისად 1989-1990 წლების სეზონია მითითებული. ეს შემთხვევითი არ არის. ამ წელს ჩიკაგოს მწვრთნელი დაგ კოლინზი მისმა ასისტენტმა ფილ ჯექსონმა შეცვალა. სწორედ აქედან იწყება NBA-ს უდიდესი მწვრთნელის კარიერა. ფილ ჯექსონის გარეშე არ იქნებოდა არც ჩიკაგოს ჩემპიონობები და არც ჯორდანის ლეგენდარული კარიერა. თუკი, მაგალითად, გრეგ პოპოვიჩი ან პატ რაილი, ლიგის სხვა დიდი მწვრთნელები, პირველ რიგში დისციპლინასა და თამაშის ორგანიზებასთან ასოცირდებიან, ფილ ჯექსონი უპირველეს ყოვლისა დიდი ფსიქოლოგია. იგი წარმატებით წვრთნიდა ჯორდანს და კობის, არამხოლოდ უდიდეს ვარსკვლავებს, არამედ უაღრესად რთული ხასიათის ადამიანებს. ჯექსონი მშვიდი და აუღელვებელი კაცია, კალათბურთის სამყაროში 'ძენ მასტერის' მეტსახელით იცნობენ.

წაიკითხე | მისი რწმენა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ეჭვები - დუეინ ვეიდის 15 წელი

ჯორდანი (და შემდეგ უკვე კობი) პირიქით თავისი ცოფიანი და ზედმეტად ემოციური ხასიათით გამოირჩეოდა. წლების მანძილზე ჯორდანი აშინებდა თანაგუნდელებს, უკმაყოფილო იყო მათი თამაშით, მიიჩნევდა, რომ ისინი მის დონეს ვერ აკმაყოფილებდნენ. ხშირად საქმე ფიზიკურ გაწევ-გამოწევამდე მიდიოდა. ჯორდანს სჭირდა ის, რასაც ფსიქოლოგები 'competitive disorder-ს' ეძახიან - ანუ მუდმივი მანია, რომ შეჯიბრში, თამაშში, ყოფილიყო ჩართული. კალათბურთის გარდა, იგი საათების მანძილზე თამაშობდა გოლფს, მუდამ თან დაჰქონდა კარტი. ჩიკაგოს ახალწვეულებს აფრთხილებდნენ არ შეყოლოდნენ ჯორდანს თამაშში, ჰქონდა აზარტული თამაშებით გატაცების პრობლემა.

ჯორდანის ეს ხასიათი მძიმე ასატანი იყო გუნდისთვის. ვარჯიშებზე მაიკლს მუდამ სურდა, რომ თავისი უპირატესობა დაემტკიცებინა თანაგუნდელებისთვის. მისი ხასიათი აისახებოდა მის თამაშზეც - ჯორდანი მარტო თამაშობდა და გუნდელებს რთულ სიტუაციებში არ ენდობოდა.

ფილ ჯექსონს მაიკლისთვის კალათბურთი არ უსწავლებია, მან მას გუნდის მნიშვნელობა ასწავლა. მუდამ მშვიდი და გაწონასწორებული ფილ ჯექსონი ჯორდანს ძალიან კარგად აბალანსებდა. მან აუხსნა ჯორდანს, რომ მისი, პლანეტის უპირველესი კალათბურთელის ფუნქცია, თანაგუნდელებისთვის რწმენის და თავდაჯერების მიცემა იყო და არა საკუთარი უპირატესობის დამტკიცება. ჯექსონთან ერთად ჩიკაგო უკეთესი გუნდი გახდა, მის გარეშე ალბათ არ იქნებოდა 1997 წლის სუპერფინალში ჯორდანის პასი სტივ კერზე და კერის საჩემპიონო სროლა გადამწყვეტ მომენტში, სუპერფინალის მეექვსე შეხვედრაში იუტასთან. 10 წლის წინ ჯორდანი სტივ კერისნაირ მოთამაშეს გადამწყვეტ სროლას არ მიანდობდა.

სტივ კერის გადამწყვეტი სროლა

ჯორდანს თავიდან ძალიან არ უყვარდა ტონი კუკოჩი. ჩიკაგოს მენეჯერს ჯერი კრაუზეს, რომელთანაც მაიკლს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ერთხელ წამოსცდა, რომ ევროპაში ახალი ჯორდანი ვინმე ტონი კუკოჩი გამოჩნდა. ჯორდანმა ეს დაიმახსოვრა და როდესაც 1992 წლის ოლიმპიადაზე ამერიკის 'ოცნების გუნდი' ხორვატიას შეხვდა, ტონი კუკოჩს ჯორდანი და სკოტი პიპენი სასტიკად უსწორდებოდნენ. ორივეს სურდა, რომ კუკოჩის რეალური დონე ჯერი კრაუზესთვის ენახებინათ, ამიტომ მოილაპარაკეს და მორიგეობით მკაცრად მეურვეობდნენ. ძალიან მალე კუკოჩი ჩიკაგოში აღმოჩნდა და ფილ ჯექსონმა იმდენი მოახერხა, რომ მაიკლს კუკოჩის მხარდაჭერის აუცილებლობაში დაარწმუნა.

ანალოგიური ისტორიაა სკოტი პიპენის შემთხვევაში. როდესაც პიპენი გუნდში მოვიდა, ჯორდანი ყველა ვარჯიშზე ცდილობდა ენახებინა და დაემტკიცებინა, რომ ის იყო გუნდში საუკეთესო. შემდეგ წლებში კი ჯექსონის გავლენით ჯორდანი პიპენს, როგორც მეგობარს და უპირველეს თანაგუნდელს ისე ექცეოდა.

ფილ ჯექსონმა დანერგა ჩიკაგოში ე.წ. ‘სამკუთხა შეტევა’ - ტაქტიკა, რომელმაც შემდეგ წლებში მას 11 ჩემპიონობა მოუტანა ჩიკაგოსა და ლოს ანჯელესში. ეს ტაქტიკა გუნდის შეტევით თამაშში ყველა მოთამაშის ჩართულობას გულისხმობდა და ჩიკაგოს შეტევაში ბევრ ოპციას აძლევდა.

სკოტი პიპენი

ჩიკაგოს სათამაშო სტილს ჯორდან ერთად, უპირველეს ყოვლისა, სკოტი პიპენი განსაზღვრავდა. იგი გუნდში ჯორდანზე გვიან მოვიდა და 1989-1990 წლებში პირველი ოლ სტარი ითამაშა. სწორედ აქედან იწყება უძლეველი ჩიკაგოს ისტორია. ეს ის სეზონია, როდესაც პიპენი იწყებს ვარსკვლავურ დონეზე თამაშს და გუნდს ფილ ჯექსონი წვრთნის. პიპენის და ჯექსონის გარეშე, მხოლოდ ჯორდანის ჩიკაგო პლეი ოფში წარუმატებელი იყო.

პიპენი ლიგის საუკეთესო დამცველების რიცხვში შედიოდა და მეტოქის უძლიერეს შემტევებს სწორედ იგი ეთამაშებოდა, ეს მაიკლს აძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ შეტევისთვის ენერგია დაეზოგა. პიპენთან ერთად ჩიკაგოს კარგად გამოსდიოდა აგრესიული დაცვიდან შეტევაში გადასვლა, იგი თამაშში 2.1-ჯერ იპარავდა ბურთს, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.

პიპენს ყველაფერი შეეძლო, ჩიკაგო, რომელიც სტაბილურად 80-90 ქულას ყრიდა ჯორდანის საშუალოდ 30 და პიპენის საშუალოდ 20 ქულაზე ძალიან იყო დამოკიდებული. სტაბილურად ქულებს მხოლოდ ეს 2 მოთამაშე აგროვებდა.

პიპენი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ეგოისტი მოთამაშე იყო და მუდამ იმას აკეთებდა, რაც გუნდს სჭირდებოდა. ის არამხოლოდ უთმობდა ბურთს ჯორდანს, არამედ მაგალითად, პირველ საჩემპიონო მონაკვეთში (1991-1994) საშუალოდ თამაშში 1.6 სამქულიანს ისროდა. ჩიკაგოს სხვა მსროლელები ჰყავდა და პიპენი პერიმეტრიდან სროლებს მათ უთმობდა. მეორე საჩემპიონო მონაკვეთში (1996-98) როდესაც გუნდს დასჭირდა, პიპენმა სამიანები საკუთარ თავზე აიღო და სროლების რაოდენობა თამაშში 5-მდე გაზარდა.

ჯორდანის ჩიკაგო თავისი 6 ჩემპიონობით, ისტორიული 72-მოგებიანი სეზონით და MJ-ის გადამწყვეტი სროლით, ე.წ. shot-ით და მრავალი სხვა ისტორიული მომენტით კალათბურთის ლეგენდის ნაწილია. ამ გუნდმა მთელს შემდეგდროინდელ თამაშზე მოახდინა გავლენა. თავისი თამაშის სტილით და ხასიათით, ჩიკაგო თანამედროვე კალათბურთისგან ძალიან განსხავდებოდა - ჯორდანთან ერთად გამოდიოდა ის, რაც დღეს შეუძლებლად და არაეფექტურად გამოიყურება.

გამოკითხვა

რა იცი პატ რაილის შესახებ?

რა იცი პატ რაილის შესახებ?
  • მწვრთნელი კარგია, კალათბურთელი კიდევ უკეთესი
  • თამაში ფაქტობრივად თავიდან მოიგონა
  • ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია
  • დიდი მწვრთნელი და კიდევ უფრო დიდი მენეჯერი

კომენტარები

ბოლო ამბები