Thumbnail

'გეგეშიძის სინანული ფორმალობაა' - დათუნაშვილი შერიგების აზრს ვერ ხედავს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ის ნანობს ჩადენილ ქმედებას
  • ზურაბ დათუნაშვილის აზრით, გეგა გეგეშიძის სინანული ფორმალობაა

გრძელდება დაპირისპირება ქართულ ჭიდაობაში. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნაკრების კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის ბოლოდროინდელი განცხადებები სინანულის თაობაზე ფორმალობაა და მხოლოდ მის მიერ სკამის შენარჩუნების სურვილს უკავშირდება. დათუნაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა...

“მოძალადე უნდა დაისაჯოს. გეგა გეგეშიძეს არა შერიგება, არამედ ჩემი გაჩუმება და სკამის შენარჩუნება სურს. ფედერაციის პრეზიდენტის სინანული მხოლოდ ფორმალობაა. მართლა შერიგება რომ უნდოდეს, თავიდანვე აღიარებდა რაც მოხდა და არ იტყოდა ხელი არ მომიქნევიაო. ვნახოთ, შეიძლება ისიც აღიაროს, რომ თავში რკინა ჩამარტყა”. - აღნიშნა ზურაბ დათუნაშვილმა.  

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ პრეზიდიუმის სხდომა დააანონსა, სადაც უნდა გაირჩეს ინციდენტი. დათუნაშვილმა ამ თემაზეც გააკეთა კომენტარი: 

“ჯერ უნდა გავეცნო პრეზიდიუმის წევრებს და შემდეგ გადავწყვეტ, მივალ თუ არა შეხვედრაზე. პრეზიდიუმის წევრების 80% ის ხალხია, რომლებსაც რასაც ეტყვიან, იმას გაიმეორებენ. ამ პრეზიდიუმს ნამდვილად არ ვენდობი. ერთი ვიცი, რომ თუ წავალ ამ შეხვედრაზე და შერიგებას დავთანხმდები, დისკვაიფიკაციას არ მომცემენ, ხოლო გეგა გეგეშიძე ფინანსურად დაჯარიმდება. იმ ჯარიმასაც მიჭიდავეების ფულით გადაიხდის და ამით მორჩება ყველაფერი”.

2019 წელი ქართული ჭიდაობისთვის სკანდალურად დაიწყო. 10-13 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველო ჩემპიონატი ჭიდაობაში. 11 იანვარს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 87 კგ. წონითი კატეგორიის ფინალი მიმდინარეობდა, როდესაც ინციდენტი მოხდა. ფონალური ორთაბრძოლის მონაწილე ზურაბ დათუნაშვილმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის შემდეგაც ვითარება დაიძაბა და საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე იყო, რომელიც პირადად დაუპირისპირდა ზურაბ დათუნაშვილს.

19 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური კადრები, სადაც გეგა გეგეშიძის და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირებაა ასახული. კადრებში კარგად ჩანს ფედერაციის პრეზიდენტს და ნაკრების კაპიტანს შორის მომხდარი ინციდენტი. კადრების გავრცელების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რასაც გეგა გეგეშიძის დაპატიმრება და შემდეგ, გირაოს წესით გათავისუფლება მოჰყვა. ამასთან, გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად დატოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები