Thumbnail

'გადაწყვეტილებას პრეზიდიუმზე მივიღებთ' - ყაველაშვილი გეგეშიძეს შეხვდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
  • საუბარი შეეხო ბოლო დროს ქართულ ჭიდაობაში განვითარებულ მოვლენებს

საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შეხვდა. საუბარი შეეხო ქართულ ჭიდაობაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და გეგეშიძის დაპირისპირებას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილთან. შეხვედრის შემდეგ, ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა…

“ჭიდაობის ფედერაცია ახლო მომავალში მოიწვევს პრეზიდიუმს, ჭიდაობის სამყაროს წარმომადგენლებს და მათ შორის ვეტერან სპორტსმენებს. სწორეც იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ შეხვედრას დაესწრება ზურაბ დათუნაშვილიც და მნიშვნელოვანია, რომ პრობლემები შიგნით მოგვარდეს და გარეთ არ გამოვიდეს. შესაძლოა ამ შეხვედრაში მეც მივიღო მონაწილეობა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმაც”. - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ გეგა გეგეშიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ შემდეგი განაცხადა: “უმჯობესია, რომ თავი დავანებოთ სპეკულაციებს. მთავარია ჭიდაობა და ის წარმატებები, რაც ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა. ყველა სპორტსმენს უნდა ჰქონდეს სრულყოფილად ვარჯიშის და მომზადების საშუალება. ყველამ დაგმო ის ფაქტი, რაც მოხდა და თვითონ გეგეშიძეც ნანობს ჩადენილ საქციელს”.

2019 წელი ქართული ჭიდაობისთვის სკანდალურად დაიწყო. 10-13 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველო ჩემპიონატი ჭიდაობაში. 11 იანვარს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 87 კგ. წონითი კატეგორიის ფინალი მიმდინარეობდა, როდესაც ინციდენტი მოხდა. ფონალური ორთაბრძოლის მონაწილე ზურაბ დათუნაშვილმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის შემდეგაც ვითარება დაიძაბა და საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე იყო, რომელიც პირადად დაუპირისპირდა ზურაბ დათუნაშვილს.

19 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური კადრები, სადაც გეგა გეგეშიძის და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირებაა ასახული. კადრებში კარგად ჩანს ფედერაციის პრეზიდენტს და ნაკრების კაპიტანს შორის მომხდარი ინციდენტი. კადრების გავრცელების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რასაც გეგა გეგეშიძის დაპატიმრება და შემდეგ, გირაოს წესით გათავისუფლება მოჰყვა. ამასთან, გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად დატოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები